მანქანა დიდი სისწრაფით მოჰქროდა და ეზოს ღობეს დაეჯახა, ხალხი მივარდა ხანძრის საწინააღდეგო ქაფიც დაასხეს, მაგრამ... - ტრაგედიით დასრულებეული შემთხვევის დეტალები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსუბუქი ავტომობილით ორი პირი გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ეზოს გალავანს შეეჯახა და ამობრუნდა. დაღუპული ახალგაზრდა სოფელ ართანაში მცხოვრები 33 წლის სოსო ჩახუტაშვილია. დაშავებული დაჩი ბეჟანიშვილი. ტრაგედიის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
გლოვაა სოფელ ართანაში. ყველა განიცდის ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვას.
"სოსო ჩემი სოფლელია, ჩემი ძმისშვილის კარგი მეგობარი იყო, უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთს. ჩემი ძმისშვილიც, ზუკაც გარდაცვლილია და სოსო ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. არაჩვეულებრივი, ძალიან ძვირფასი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იყო, მიყვარდა ძალიან ეს ბავშვი. როგორც ამბობენ, სიჩქარეა ტრაგედიის მიზეზი. გვერდით სოფელში მიდიოდნენ, თურმე საჭე ვერ დაიმორჩილა, შეეჯახა საცხოვრებელი სახლის ღობეს და თურმე ამოტრიალდა მანქანა. დატრიალდა ეს დიდი უბედურება. მასთან ერთად იყო დაჩი ბეჟანიშვილი, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც მითხრეს, გადარჩა. საუბედუროდ, სოსო ადგილზე გარდაიცვალაო, დასაოჯახებელი ბიჭი იყო, უნდა ყოფილიყო ბედნიერი და ეს მწარე რეალობაა.
სოსოს დედა უნივერსიტეტში მუშაობს, გამორჩეული ოჯახის შვილი ართანაში ყველა იცნობს ჩახუტაშვილების ოჯახს, მომღერლების ოჯახია. სოსოს პაპა და ბებიები სოფლის ანსამბლში იყვნენ. საოცრად მღეროდნენ. ფილმში, სიყვარული ყველას უნდა, იქაც მღერიან მრავალჟამიერს.
ავარია სოფელ ჯუღაანში მოხდა, კადრები უმძიმესი სანახავია, თურმე მოასხეს მერე ქაფი, რომ მანქანას ცეცხლი არ გასჩენოდა. საუბედუროდ, სოსო ადგილზე გარდაიცვალაო. საოცარი ხელი ჰქონდა, დურგალი იყო, ხეზე მუშაობდა და საოცარი ნამუშევრები ჰქონდა, ვეტყოდი ხოლმე, პაპასავით საოცარი ხელი გაქვს-მეთქი. მამასთან ერთად სოფლის მეურნეობას მისდევდა, ძალიან დიდი ტკივილია, ოჯახის პირველი შვილი იყო, ერთი ძმა ჰყავს, მასზე პატარა”, - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა ბელა ბეჟანიშვილმა.კლინიკის კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, როგორც ამბობენ მიზეზი სიჩქარე იყო. სავარაუდოდ საჭესთან სოსო იჯდა.
“33 წლის იყო სოსო, ძალიან კარგი ახალგაზრდა, თავზარდაცემულები ვართ ამ ამბით. ორნი იყვნენ მანქანაში, მეორე დაშავებულიც ჩვენი თანასოფლელია. ის კლინიკაშია გადაყვანილი და იმედი გვაქვს გადარჩება. სოსო ზრდილობიანი, მშრომელი, უწყინარი ახალგაზრდა იყო, არ ვიცი როგორ უნდა ვუთხრა სამძიმარი მის ოჯახს. ძალიან დააკლდება ეს კარგი, მშრომელი და ალალი ბიჭი ჩვენს სოფელს და საქართველოს”, - აღნიშნა ადგილობრივმა.
"კვირის პალიტრა"



