წყნეთის გზატკეცილზე ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა: რა დეტალები ხდება ცნობილი? - "შევესწარი ამ საშინელ ავარიას"
წყნეთის გზატკეცილზე ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის ლაზერე (ლადო) ქოქიაური.
როგორც ფაქტის თვითმხილველი ამბობს, "შკოდას" მარკის ავტომობილი საპირისპირო გზაზე მიმავალ მოტოციკლს შეეჯახა.
"შევესწარი ამ საშინელ ავარიას. "შკოდას" მარკის ავტომანქანა შეეჯახა თავის გზაზე მყოფ მოტოციკლს. საპირისპირო მხარეს გადავიდა "შკოდა" და ასე დაეჯახა. თვალებიდან არ ამომდის. საშინლად განვიცდი", - ამბობს ფაქტის თვითმხილველი.
"კვირის პალიტრა" დაღუპულის მეგობარს ესაუბრა:
“ჩემი ბავშვობის მეგობარი აღარ მყავს, შოკირებული ვარ, გააზრებაც მიჭირს. გუშინ გახდა 20 წლის ლადო და ახლა დღეს ცოტა ხნის წინ დაასრულა სიცოცხლე. მართლა მიჭირს გააზრებაც კი, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელ დღეში ვარ. მანქანამ გადაუჭრა გზაზე და დაარტყა. 20 წლის ლადო ქოქიაური იჯდა მოტოციკლზე, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. აღარ გვყავს, დამთავრდა, ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის”...



