ვინ არის მეტსახელად „წრიპა“, რომელსაც ბრალი მკვლელობის მომზადებისთვის წარუდგინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ სამი წევრი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“, ალექსანდრე კურასბედიანს, მეტსახელად „წრიპას“, ბრალი საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში წარუდგინა.
გამოძიების მიხედვით, ორი დაკავებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე ერთ ადამიანზე შურისძიებას გეგმავდა და მისი მკვლელობა გადაწყვიტა. მათ მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი, საზღვარგარეთ მყოფ ალექსანდრე კურასბედიანთან შეათანხმეს.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის განსახორციელებლად ბრალდებულებმა გურიიდან ერთი პირი ჩამოიყვანეს და დაკავების შემთხვევაში მისთვის ციხეში მფარველობის გაწევას დაჰპირდნენ. მათ ასევე შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს სავარაუდო მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტები, შეარჩიეს სამალავი და დანაშაულის დაფარვის გეგმა მოამზადეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენამდე დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ამოიღეს კომპიუტერები და მობილური ტელეფონები, რომლებითაც ისინი „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის, „ქურდულ სამყაროში“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენისთვის 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქმე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე მიმდინარეობს.



