“სული და გული მეწვის, გავქვავდი, ღმერთო, ტატო… რატომ მოკლეს ასე სადისტურად?…” – რას ჰყვებიან თვითმხილველები “მალაკნებზე” მომხდარ მკვლელობაზე

21-10-2024
405
Aa

წუხელ, თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზართან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც ირკვევა, მამაკაცს ჯერ მანქანა დააჯახეს და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალისტები და სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, მათ შემთხვევის ადგილზე იპოვეს გასროლილი ტყვიის მასრებიც, რომლებიც საქმეს დაერთო. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოკლული ახალგაზრდა ტატო ფიცხალაიშვილია. “შემთხვევა მალაკნებთან, ჩიტაიას და ფიროსმანის კვეთასთან მოხდა, მოკლულია ჩვენი უბნელი ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. თუმცა არ ვიცი რატომ მოკლეს. მეტი დეტალი პოლიციიდან გაიგეთ, მე ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ახალგაზრდა გოგონა. “ჯერ იყო მანქანის დაჯახების ხმა, შემდეგ ყვირილისა და ჩხუბის ხმა გაისმა, რასაც რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლა მოჰყვა, დაახლოებით 4-ჯერ გაისროლა დამნაშავემ. შემდეგ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ის ბიჭი. ამბობენ, შურისძიების ნიადაგზე გააკეთაო. ის ბიჭი ადგილზე იყო მოკლული”, – ამბობს ფაქტის თვითმხილველი. “ტატო ჩვენს უბანში ცხოვრობს, უზომოდ გული დამწყვიტა ამ ამბავმა, ერთი ის ვიცი, რომ კარგი ადამიანი იყო. ახლო ურთიერთობა მასთან არ მქონია, ამიტომ ვერ გეტყვით, რა პრობლემები ჰქონდა და რატომ მოკლეს ასე სადისტურად. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. სრული განუკითხაობაა”, – ამბობს მოკლულის მეზობელი. “ძალიან მიყვარხარ, შენზე წარსულში მიყვარდა-თქო, ვერ ვიტყვი. სული მეწვის, გული, გავქვავდი, ღმერთო, ტატო”, – წერს სოციალურ ქსელში ახლობელი. არის ვარაუდი, რომ დამნაშავე გარდაცვლილს უთვალთვალებდა და შემდეგ ასე გაუსწორდა. მკვლელობის მიზეზად შურისძიება სახელდება. ერთი ვერსიით, ეს ფაქტი რამდენიმე თვის წინ მომხდარი კონფლიქტის გაგრძელებაა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში წერს, ადრე ტატოს მოუხდა კონფლიქტი ბიჭებთან და მაშინ მან იარაღით დაჭრა ახალგაზრდა ბიჭი. არის ვარაუდი, რომ სწორედ იმ ბიჭმა, რომელიც ადრე მან დაჭრა, ახლა იძია მასზე შური. თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს არ დაუდასტურებიათ და არც დამნაშავის ვინაობა გაჟღერებულა. იმასაც ამბობენ, რომ იმ დაჭრის ფაქტზე საქმე იყო აღძრული. ჯერჯერობით მომხდარზე განცხადება და მკვლელობის ოფიციალური ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

FACEBOOK კომენტარები