“გა­ი­ტყუა გა­რეთ და ქვით გა­უ­ჩეჩ­ქვა თავი…”- რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი საგარეჯოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ?

22-11-2024
0
Aa

ფემიციდის მორიგი სასტიკი ფაქტი საგარეჯოში 11 ნოემბერს მოხდა. მოძალადე მამაკაცმა ყოფილ ცოლს სახლში მიაკითხა და ქვით თავი გაუჩეჩქვა, რის შემდეგ თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი იმავე დღეს სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, იქიდან თბილისში, "ინგოროყვას კლინიკაში", სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდნენ დასახიჩრებული ქალის გადარჩენას, სამწუხაროდ, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

დღეს, 21 ნოემბერს, ქალი "ინგოროყვას კლინიკაში" გარდაიცვალა. ამ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი ციკო სულიკაშვილია. ის მეუღლეს გაშორებული იყო.

არსებული ინფორმაციით, მასზე ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. წლების მანძილზე ძალადობდა მასზე ქმარი. თავის დროზე მათი ოჯახი სწორედ ძალადობის გამო დაინგრა. მეზობლების თქმით, მამაკაცი, რომელიც ასე სასტიკად გაუსწორდა ცოლს, სწორედ ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხიდან ამნისტიით ახალი გამოსულია.

"არ ვიცი რა ვთქვა, უმძიმესი ფაქტია. თავში ქვა ურტყა ყოფილმა ქმარმა, სასტიკად სცემა საწყალი გოგო. სასიკვდილო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, თბილისში გადაიყვანეს რეანიმობილით, იქ იწვა რამდენიმე დღე. იმას ვთხოვდით ღმერთს, რომ როგორმე გადარჩენილიყო, მაგრამ გავიგეთ რომ გარდაიცვალა. ის არამზადა მოძალადე ცოლზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა და ახლა წინასაარჩევნოდ გამოუშვეს ციხიდან, ამნისტია შეეხო. ციკო ქმარს გაშორებული იყო, ორი შვილი დარჩა. როგორც ვიცი, შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გამოცემული მოძალადის მიმართ. ამის მიუხედავად სახლში მიაკითხა, ვითომ შვილი უნდოდა ენახა. შვილის ნახვის საბაბით მივიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეტყობა წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა, სახლიდან გაიტყუა გარეთ და ქვით გაუჩეჩქვა თავი, უთქვამს გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ესეც გასულა, აბა რას წარმოიდგენდა, რომ ასე გაუსწორდებოდა. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, რომ საწყალ გოგოს ვერავინ მიეშველა. ეს გოგო კლინიკაში იწვა და დღეს გარდაიცვალა. რატომღაც არ გახმაურდა მაშინ ეს ფაქტი. ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ორი შვილი ჰყავთ, 18 წლის და 7 წლის. ციკო ძალიან კარგი გოგო იყო, ძალიან გვტკივა გული", - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

"როგორც სჩვევიათ, ასეთ მოძალადეებს, მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ასეა ხოლმე, როცა ასეთი ავადმყოფები არიან. ძალიან შეძრული ვარ ამ ფაქტით. ციკო ჩემს მეზობლად ცხოვრობს, მასთან ისეთი ურთიერთობა არ მქონდა, რომ მოეყოლა თავისი პირადი ამბები, მაგრამ მეზობლებისგან ვიცი, რომ ქმარი მას სისტემატურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მორიგი ასეთი შემთხვევა მოხდა წელიწადნახევრის წინ, მაშინაც მძიმედ ნაცემი იყო, მაშინ საწყალი გოგო გადარჩა, მაგრამ უჩივლა და დააჭერინა ამ ძალადობისთვის. ამიტომ იხდიდა სასჯელს ეს მოძალადე. ციხეში იჯდა, დაჭერილი იყო, ახლა როგორც გავიგე, ამ საწყალ გოგოს თავისი საჩივარი უკან გამოუტანია, ამნისტიაც შეეხო და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა მოძალადე ციხიდან. დამნაშავე მიშა სუხიშვილია, უბანში მეტსახელად ტარაკანას ეძახიან. ეს გოგო თავისი მშობლების სახლში იყო. საგარეჯოს ცენტრში ცხოვრობს, კერძო სახლი აქვთ. დედა გარდაცვლილი ჰყავს, ორი წელი არ იქნება, რაც ციკოს ძმაც გარდაეცვალა და სახლში მამასთან, მოხუც ბებოსთან და თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. იმ საღამოს ყოფილ ქმარს მიუკითხავს სახლში. სახლში მასთან სტუმრად იყო ციკოს მეგობარი გოგო და თურმე ყავას სვამდნენ ერთად. ამ დროს გაუყვანია ეზოში. სადღაც 5 წუთი არ გაგრძელებულა მათი საუბარი თუ კონფლიქტი, მალევე ძალიან დიდი ქვა აუღია და ურტყა საწყალ გოგოს თავში. უმძიმესი ამბავია, გამეორებაც მიჭირს. ბებია ტელევიზორს უყურებდა და მას არ გაუგია ხმაური, მამა უკვე იწვა საწოლში. სახლში სტუმრად მყოფი გოგო გავარდნილა ყვირილზე და ის რომ მივიდა, გოგო უკვე ძირს ეგდო და დამნაშავეც გაიქცა. ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო მათი 7 წლის ბიჭი. ბავშვმა ნახა ეს ყველაფერი. მეგობარმა, რომ ნახა ასეთ საშინელ დღეში გოგო, სასწრაფოდ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. მალე მოვიდა პატრული და სასწრაფო, დამნაშავე უკვე გაქცეული იყო. საწყალი გოგო ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ რეანიმობილით "ინგოროყვაში". თავი იმხელაზე ჰქონდა შეშუპებული, რომ სახე არ უჩანდა საწყალსო. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ ეჭვიანობა იყო, როგორც სჩვევიათ ასეთ ავადმყოფებს. დამნაშავის დედას უთქვამს, მიშა სახლში იყო, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო, ვიღაცამ დაურეკა, გავარდა სახლიდან და ნახევარ საათში ეს ამბავი გავიგეო. პათოლოგი და ავადმყოფია ასეთი მოძალადეები. მიშა სუხიშვილს არავინ ახასიათებს დადებითად. ეს გოგო "სპარში" კონსულტანტად მუშაობდა, შრომობდა და ზრდიდა ორ შვილს. მეგობარს უთქვამს, ისე უცებ მოხდა ყველაფერიო, რომ გავედი უკვე ყველაფერი მომხდარი იყოო, ძირს ეგდოო. საშინელებაა ასეთი სისასტიკე, ის უნდა ჩალპეს ციხეში. არ ვიცი როგორ შეიძლებოდა ასეთი მოძალადის გარეთ გამოშვება, ან ამ გოგომ თვითონ რატომ გამოიტანა საჩივარი, არ უნდა გამოეტანა, უნდა დაისაჯოს იქ, მაგრამ მომხდარს არაფერი ეშველება. მიშა სუხიაშვილია მკვლელი, მეორე დღეს ჩაბარდა პოლიციას",- ამბობს მეზობელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. რა ჩვენება მისცა თავად დამნაშავემ, ჯერჯერობით უცნობია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებს. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად 21 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში 

წყარო:kvirispalitra.ge


FACEBOOK კომენტარები