„მან ბიჭის მოსახრჩობი ბაწარი მიაწოდა ბიძას და მამას…“ – რა დააშავა 28 წლის ბიჭმა ისეთი, რომ ასე სასტიკად გაიმეტეს? მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა მედოშვილებმა დუმილი დაარღვიეს

07-09-2024
772
Aa

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა მედოშვილებმა  დუმილი დაარღვიეს და სასამართლოზე სისხლიანი ღამის დეტალები გაიხსენეს. ისინი ცდილობდნენ  მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ თანასოფლელის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონიათ და მხოლოდ თავს იცავდნენ. დაპირისპირება კი მაშინ დაიწყო, როცა ისინი სუფრასთან ერთად ისხდნენ.

ძმები ამბობენ, რომ როცა მათ სახლში წასვლა გადაწყვიტეს, მათ ნიკა ღვინიაშვილი უკან გაჰყვა და დიდი ალბათობით, მათი დახოცვა ჰქონდა განზრახული. ის მათ თავს დაესხა და ძმების ცემა დაიწყო. 

ერთ-ერთმა ძმამ, ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა: „განზრახ მკვლელობა არ იყო – აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან, ალბათ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა“.

გორის რაიონულმა სასამართლომ ქარელში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. დაცვის მხარე მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ან გირაოს გამოყენებით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მათ ბრალის დამტკიცების შედეგად 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.   

საქმის პორკურორი მიხეილ ბერიაშვილი კი ამტკიცებს, რომ ძმებმა დანაშაული შურისძიების მოტივით ჩაიდინეს და 28 წლის ახალგაზრდა წამებით მოკლეს. მისი თქმით, გამოძიებას ამის ყველა მტკიცებულება აქვს და ჰყავს ოქროს მოწმე, რომელიც ამას დაადასტურებს. 

„მკვლელობაში ბრალდებულ ერთ-ერთ ძმას და მოკლულ ნიკა ღვინიაშვილს წარსულში დაპირისპირება ჰქონდათ. ხოლო ეს დაპირისპირება მაშინ გაგრძელდა და ერთმანეთს ძველი წყენა მაშინ გაუხსენეს, როცა ისინი სუფრასთან ერთად მოხვდნენ. ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი მას ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. ამის შემდეგ კი კონფლიქტი მდინარესთან გაგრძელდა. ნიკა ღვინიაშვილს ძმები უკან გაჰყვნენ და სასტიკად მოკლეს. საქმეში არაერთი მოწმე გვყავს, რომელიც ფაქტს ან უშუალოდ შეესწრნენ, ან კიდევ მკვლელობის ადგილას მალევე მივიდნენ. მათ შორის ბრალდებულის არასრუწლოვანი შვილია“, – ამბობს პროკურორი.

ნიკა ღვინიაშვილის ახლობლები კი მკვლელობაში ბრალდებული ძმებისგან განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ბიჭი სუფრაზე თავად ძმებმა  მიიწვიეს. ნიკა ღვინიაშვილი იქ მხოლოდ ზრდილობის გამო მივიდა. ხოლო შელაპარაკების შემდეგ მათი სახლი დატოვა. წამოსულს კი გზაზე ძმები დაედევნენ, სავარაუდოდ, მას თავში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს, ხოლო წაქცეულს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ბაწრით გაგუდეს. მათი თქმით, ფაქტს ერთ-ერთი ძმის 16 წლის შვილი შეესწრო. ამიტომაც ისინი არასრუწლოვანის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ბიჭი მამას და ბიძას მკვლელობის ჩადენაში ეხმარებოდა და მათ ღვინიაშვილის  მოსახრჩობი ბაწარი მიაწოდა. 

ჯერჯერობით უცნობია რა როლს ასრულებდა არასრუწლოვანი მომხდარ დანაშაულში, თუმცა ის პროკურატურის ერთ-ერთი ოქროს მოწმეა. ასევე ოქროს მოწმეა, მოკლული ნიკა ღვინიაშვილის მეგობარი, რომელთან დარეკვაც მან მკვლელობამდე მოასწრო. თუმცა ადგილზე დასახმარებლად მისულ მეგობარს ძმებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა პოლიციაში დარეკა, სამართალდამცველებს კი ბიჭი უკვე გაგუდული დახვდათ.

„წარმოდგენა არ გვაქვს რატომ მოკლეს. ბიჭის დედა ემიგრანტია და ქალი გაგიჟებული მოჰყავთ. რა დააშავა ბავშვმა ისეთი, რომ ასე სასტიკად გაიმეტეს… როგორც ვიცით, და ეს უკვე ბევრმა თქვა, დანაშაული 3-მა ადამიანმა ჩაიდინა. ამ ძმებთან ერთად მათი არასრუწლოვანი, 16 წლის შვილიც იმყოფებოდა. როგორც ხალხი ყვება, მან ბიჭის მოსახრჩობი ბაწარი მიაწოდა ბიძას და მამას. გამოდის ისიც დამნაშავეა. მოვითხოვთ მის დაკავებასაც. 

„უსაზიზღრესი ძმები არიან. მთელი სოფელი მათზე ცუდს საუბრობს. ბავშვი ზრდილობის გამო მივიდა სუფრაზე და თურმე რისთვის დაუპატიჟებიათ, მოკვლა ჰქონდათ განზრახული. ასე სასტიკად გაიმეტეს პატარა ბიჭი, მხოლოდ რაღაცა შელაპარაების გამო. უმაღლეს სასჯელს მოვითხოვთ“, – ამბობს „რეზონანსთან“ გარდაცვლილი ახლობელი.



FACEBOOK კომენტარები