“საწყალი ქალი 5 დღე ებრძოდა სიკვდილს, მისივე მეზობელი დაეჯახა…” – რას ჰყვება მარტვილში გარდაცვლილი ორსული ქალის თანასოფლელი?
4 ოქტომბერს მარტვილში, სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლის ნანა ბასილაია ქუჩას კვეთდა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი ქუთაისში, კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს მისმა ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომაში მყოფი ქალბატონი გარდაიცვალა.
მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ტრაგიკულად დაღუპული ნანა ბასილაიას თანასოფლელი ჰყვება, რომ „ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა.
„მძღოლი ნასვამი არ ყოფილა და არ ვიცით, რა და როგორ მოხდა. მძღოლი გვარად ლაზარიაა, ის ადგილიდან არც მიმალულა და პოლიციას ჩაბარდა. ნანა მეორე შვილზე რვა თვის ორსულად იყო. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალი მალევე გადაიყვანა ქუთაისის კლინიკაში.
ექიმებმა მაშინვე თქვეს, რომ ნანას ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. საწყალი ქალი 5 დღე ებრძოდა სიკვდილს და დღეს გარდაიცვალა. მას პატარა, წლინახევრის გოგონა დარჩა”, – ამბობს გარდაცვლილი ქალის თანასოფლელი.