"12 წლის ასაკში წარმოუდგენელი ჭორი ამიგორეს, ძალიან ბევრმა დაიჯერა... უშიშროების მიერ აგორებული ამბავი იყო" - ირმა სოხაძის ცხოვრების დღემდე უცნობი ამბები
მომღერალი ირმა სოხაძე გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" კარიერის ყველაზე რთულ პერიოდებზე საუბრობს და იხსენებს იმასაც, თუ როგორ გახდა მოზარდობის ასაკში საშინელი ჭორის მსხვერპლი:
- ადამიანებს ცუდი უფრო სჯერათ, ვიდრე კარგი. ჭორის უფრო მარტივად სჯერათ, ვიდრე სიმართლის. 12 წლის ასაკში წარმოუდგენელი ჭორი ამიგორეს. მერე როგორც გავიგე, ეს უშიშროების მიერ აგორებული ამბავი იყო და მე კი არ ამიგორეს, იმ საოცარ პიროვნებას აუგორეს, ვისაც ერჩოდნენ. ვითომ პედოფილი იყო.... ისე რომ ეთქვათ ვიღაც ბავშვზე, ვინ გამოეხმაურებოდა და მე მიმაყოლეს. საშინელი ჭორი იყო. ძალიან ბევრმა დაიჯერა და ვითომ გულნატკენები იმეორებდნენ. რეკავდნენ, არ ვიცი, რა ხდებოდა. პატარა ვიყავი. 1968 წლის გაზაფხული იყო. ბაბუა ავად იყო და მამაჩემს ლენინგრადში ჰყავდა წაყვანილი. ვერ გადაიტანა, 58 წლის ასაკში დაიღუპა. ეს ტრაგედია მალევე მიჰყვა და ჭორი აღარც გვახსოვდა. თუმცა, იქამდე ხალხი იმ კაცის სანახავად მიდიოდა, უნდა მოვკლათ, ეს რა გააკეთაო, ამბობდნენ. ადამიანი ჭორს მარტივად იჯერებს... მშობლები განიცდიდნენ. მე მერე, გვიან გავიგე. დედაჩემს ტელევიზიის ხელმძღვანელობამ დაურეკა, რომ მივსულიყავი. დონარა კინწურაშვილი მეჯდა 1 საათი, მელაპარაკებოდა, მამღერებდა, დავუკარი კიდეც. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მაგრამ, ტელევიზიით აჩვენეს ხალხს, რომ ცოცხალი ვიყავი და ყველაფერი კარგად იყო. ბიძაჩემი ისეთი კაცი იყო, ჭიანჭველა არ ჰყავდა მოკლული. მან ეს ჭორი ავტობუსში ვიღაც ქალისგან გაიგონა და კინაღამ სცემა. ქალი პირველ პირში ჰყვებოდა, თითქოს ექთანი იყო და მე დაზარალებული მიმიყვანეს მასთან და თავზე მადგა. ბიძაჩემმაც ვეღარ მოითმინა... ასეთი აგენტურა ჰყავდათ, დადიოდნენ და ხალხში ლაპარაკობდნენ. 13-14 წლის რომ ვიყავი, მერე გავიგე, რომ ჩემზე მსგავსი ჭორი იყო. ვისაც ეს ამბავი მოუგონეს, ის ადამიანი ძალიან მიყვარდა. მამაჩემის მეგობარი იყო და თავად დაურეკა...
ირმა სოხაძემ ამავე გადაცემაში იმ ინტრიგების შესახებაც ისაუბრა, რომელთა გამოც პროფესიაშიც და ურთიერთობებშიც ხელი არაერთხელ შეეშალა. მაგალითად, თქვა, რომ გოგი დოლიძეს ვიღაცამ ჭორი მიუტანა, თითქოს ირმამ კონცერტიდან ამოიღო, რის გამოც, ვიდრე სიმართლეს გაარკვევდნენ, ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ერთი ინციდენტიც გაიხსენა, რამაც ისე ანერვიულა, რომ ბავშვი დაკარგა:
- ჩემი პირველი მიუზიკლი უნდა დამედგა და უცებ ნუგზარ ფოფხაძესთან საბავშვო რედაქციის წარმომადგენლები შევიდნენ და გააპროტესტეს. უთხრეს: "ეს ირმა სოხაძე ჩარლი ჩაპლინია?! მუსიკაც მისია, ლექსიც მისია, ზღაპარიც მისია, დიალოგები მისია..." არანჟირება იყო მხოლოდ გია მაჭარაშვილის. დანარჩენი ყველაფერი ჩემი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბატონმა ნუგზარმაც გადაწყვიტა, რომ მე ჩარლი ჩაპლინი არ ვიყავი და არ ჩამაწერინა. გადაღება რამდენიმე დღეში იყო დაგეგმილი, რეჟისორი, მხატვრები მზად იყვნენ, დეკორაცია გაკეთებული, ბავშვებს კოსტიუმები შეკერილი ჰქონდათ. უცებ მეუბნებიან, რომ ეს არაპედაგოგიურია, რომ ბავშვი სკოლის ნაცვლად ზღაპარქალაქში მიდის. 28 წლის გოგო, 3 თვის ფეხმძიმე მივდივარ სამსახურში და უცებ მეუბნებიან, რომ თავმჯდომარე მეძახდა. ყველა შეკრებილიყო. ბატონი გოგი ცაბაძეც იყო, რომელმაც მერე სახლში დამირეკა და მითხრა, არ ინერვიულოო. გივი ჭიჭინაძე ტიროდა და ამბობდა, გადასარევი ლექსებია, რატომ არ ადგმევინებთო. ვეუბნებოდი, აეხსნათ, რა არ მოსწონდათ. ყველაფერი თითქმის მზად იყო. ისეთი შოკი მივიღე, სახლში რომ მივედი, ცუდად გავხდი და 3 თვე საავადმყოფოში ვიწექი. ამის შემდეგ ბავშვი დავკარგე... დღემდე ვერ ვხვდები, რა მოხდა. საბავშვოს ქალბატონებმა ჩათვალეს, რომ თუ საბავშვო მიუზიკლი კეთდებოდა, ირმას რატომ უნდა გაეკეთებინა. 3 თვის შემდეგ საავადმყოფოდან რომ გამოვედი, სამსახურში ისევ დავბრუნდი. გოგი ცაბაძემ მითხრა, რომ ხვალვე გაახლებ და ყველაფერს დადგამო. ბატონი გოგი, გივი ჭიჭინაძე მხარში დამიდგნენ და გადასარევი ზღაპარი გავაკეთეთ, რომელიც ეთერში ძალიან ბევრჯერ გავიდა.