“დღეს მოდაშია შვიდი ცოლი და 12 შვილი სხვადასხვა ცოლისგან, მე ასეთი რამ არ შემეძლო…“- ნუგზარ კვაშალი
ნუგზარ კვაშალი 72 წლისაა, მაგრამ ასაკს ვერც თავად გრძნობს და გარშემო მყოფებიც აღნიშნავენ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება და ვოკალურადაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლეგენდარული „ივერიის“ წევრს, რომელიც მთელი ცხოვრება გუნდური მოთამაშე იყო, ყველაზე მეტად ახარებს ასეთი კომპლიმენტები და კარიერასთან დაკავშირებით, ფიქრობს, რომ სანანებელი არაფერი აქვს. 52-წლიანი “ივერიელობა“ მისთვის დიდი პატივია და მიიჩნევს, რომ მთელი ცხოვრება ორი ოჯახი ჰქონდა… fortuna.ge-ს ნუგზარ კვაშალი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე ესაუბრება.
ბატონო ნუგზარ, ამას წინათ ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე გნახეთ, სადაც ახალგაზრდებს ტოლს არ უდებდით და ძალიან დიდ ენერგიას ასხივებდით. საიდან მოდის ეს ენერგიულობა?
ენერგია, სხვათა შორის, მუსიკას აქვს თავად, შესაბამისად, მუსიკოსსაც მოჰყვება. თუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ახალგაზრდებთან, თანამედროვე მუსიკასთან, ეს კიდევ უფრო მეტად აორმაგებს ენერგიულობას. ზოგჯერ მეშინია ხოლმე, როცა მეუბნებიან, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებითო. ასაკიდან 5-6 წელს მაკლებენ და მიხარია… ვახტანგ ტატიშვილი 82 წლისაა და გვერდზე რომ დავუდგები ხოლმე, მიხარია, რომ თავადაც კარგად გამოიყურება და მეც… თუ დროის ცვლაზე ვისაუბრებთ, როკ ენ როლისა და ბლუზის დაკვრა თითქმის აღარ მიწევს, რადგან ბიჭები შემომეცალნენ, ახალგაზრდებთან თუ ვიმუშავებ… ვცდილობ, რომ მუსიკის ენერგიას გავყვე და თავი ვიგრძნო ისევ ახალგაზრდად, ისევ ისე იმღერო ის სიმღერები, რომელთაც ადრე ვასრულებდი. თუ კარგად გამოგდის, ეს გამართლებულია. ზოგი მეკითხება, წონის დაკლება არ გინდაო? ვპასუხობ, წონის კი არა, წლოვანების დაკლება მინდა-მეთქი…
უკვე რამდენი წელია, რაც ანსამბლ “ივერიაში“ ხართ?
როცა ამ ანსამბლს არქმევდნენ „ივერიას“, დიდი სჯა-ბაასი იყო, მე იმ დროს ანსამბლში არ ვიყავი და არ შევსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რომ სახელის დარქმევა დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა, შენი სამშობლოს სახელს რომ ატარებ, ყველანაირი შეცდომა და დამარცხება ორმაგად დაგაწვება… ვამაყობ იმით, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც მე „ივერიაში“ ვმოღვაწეობ და უკვე 52 წელია, ეს გრძელდება, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საყვარელ ქვეყანას გავუთქვით სახელი, ვასრულებდით ქართულ ხალხურ სიმღერებსა თუ საესტრადოს. არანაირი დამარცხება არ გვიწვნევია. ეს, იცით, ვისი დამსახურება იყო? უნიჭიერესი ადამიანების, რომლებიც ანსამბლში მოღვაწეობდნენ – ალექსანდრე ბასილაია, თემურ წიკლაური, ჯემალ ბაღაშვილი, ვახტანგ ტატიშვილი და მათ გვერდში დგომით ვტრაბახობ მაღალ დონეზე და ვამაყობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მომიწია ანსამბლში ყოფნა.
როცა 20 წლის ასაკში “ივერიაში“ მიხვედით, თუ წარმოიდგენდით, რომ ასეთი კარიერა გელოდებოდათ და ამდენი თავგადასავალი?
ვერასდროს წარმოვიდგენდი… ისეთ ანსამბლში მოვხვდი, რაც ჩემი ნატვრა და ოცნება იყო. დღესაც თავს მივიჩნევ „ივერიელად“. სანამ „ივერიის“ ბოლო ჯარისკაცი იქნება ცოცხალი, „ივერია“ მაინც ცოცხალი იქნება. მგონია, რომ წლების შემდეგ ანსამბლის სიმღერებს ისევ მოუსმენენ. ალექსანდრე ბასილაიას სიმღერები დღესაც პოპულარულია, რადგან მელოდიას ვერავინ დაჩაგრავს. შეიძლება, ავტორი არ ახსოვდეთ, მაგრამ სიმღერებს აუცილებლად იმღერებენ. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ დიდი ქართველი კომპოზიტორების პროპაგანდა არ მიმდინარეობს ტელევიზიებით ისე ხშირად, როგორც საჭიროა. ახალგაზრდები ასრულებენ ვთქვათ გოგი ცაბაძის სიმღერებს, უყვართ, მაგრამ ავტორი არ იციან. ეს ძალიან საწყენი ამბავია.
რაზე გწყდებათ გული, როგორც მუსიკოსს?
მუსიკოსებს და პოპულარულ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული დაფასება, როგორიც უნდა ჰქონდეთ. პირველ რიგში, ფინანსებს ვგულისხმობ. ეს ძალიან მაწუხებს. აშშ-ში გამოჩნდები თუ არა და გახდები თუ არა პოპულარული, ეს თავისთავად ნიშნავს ფინანსურ კეთილდღეობასაც. ხელოვანი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, ხვალ საჭმელს იყიდის თუ ვერა.
გქონიათ ასეთი პერიოდები?
რამდენიც გინდათ… ძველ დროს ერთ კონცერტში 25-30 მანეთი გვერგებოდა, რაც მაშინ საკმარისი იყო. ჩვენს დროს არ იყო ერთმანეთის შური, უფრო მეტად იმით ვიყავით დაკავებული, ვინ მეტ კონცერტს ჩაატარებდა და ვინ უფრო პოპულარულ სიმღერას შეასრულებდა. ახლა გაჩნდა შური…
წყარო: fortuna.ge