"ძალიან უკვირთ, ამ ასაკში 4 შვილი რომ მყავს... სასიამოვნო არაა, როცა დედას აბრალებენ რაღაცას, ვცდილობ ჩემი შვილები ძლიერი გოგონები იყვნენ" - თაკო ტაბატაძე

28-10-2024
205
Aa

თაკო ტაბატაძემ სამსახიობო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ მოკლე დროში ბევრი საინტერესო როლის შესრულება მოუხდა. მისი დებიუტი ცნობილი რეჟისორის - ნანა ჯორჯაძის ფილმში შედგა. "პეპლების იძულებითი მიგრაცია" ეკრანებზე იანვარში გამოჩნდა. ამ ფილმში თაკო მთავარ როლშია. მისი გმირი ნინო, წარსულში ბალერინა, უკეთესი ცხოვრების საძიებლად საზღვარგარეთ, ემიგრაციაში მიდის. ფილმში ვხედავთ ქართული კულტურული ელიტის წარმომადგენლებს – მხატვრებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს. საინტერესო ფილმია, რომელსაც დათო ევგენიძის შესანიშნავი მუსიკა კიდევ უფრო ალამაზებს. თაკო ძალიან მადლიერია რეჟისორ ნანა ჯორჯაძის, რადგან მან ახალბედა მსახიობს ამხელა ნდობა გამოუცხადა. ამ ფილმზე მუშაობა 4 წლის წინ დაიწყეს. ახლახან გამოჩნდა ეკრანებზე და ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

თაკო ბოლო დროს ასევე არაერთ უცხოურ ფილმში გადაიღეს და საკმაოდ საინტერესო როლების შესრულება მოუხდა. თვლის, რომ ეს 4 წელი მისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო.

4 ულამაზესი ქალიშვილის დედა ამბობს, რომ შვილებს ძალიან მოსწონთ მისი შესრულებული როლები. ისინი თაკოს დიდი გულშემატკივრები არიან. ახალგაზრდა მსახიობს ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. სამსახიობო კარიერას მენეჯერულ საქმიანობასაც მშვენივრად უთავსებს.

 - ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, მაგრამ იმდენად მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე, იმდენად ძვირფასია ჩემთვის მსახიობობა, რომ დიდი ენთუზიაზმით ვარ ჩართული. არაერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, გავიარე კასტინგები და კარიერული წინსვლა მოვახერხე. მოგეხსენებათ, სამსახიობო კარიერა საქართველოში ისეთი შემოსავლიანი არ არის, რომ მარტო ამით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ პარალელურად ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობ. ორი საქმიანობის შეთავსება რთულია, მაგრამ მადლობელი ვარ მათი, ხელს მიწყობენ. მეც ბევრს ვშრომობ, რომ ვიყო ფინანსურად ძლიერი ქალი. ხშირად დილით ძალიან ადრე ვიწყებ მუშაობას. ვცდილობ ხან შაბათ-კვირას ჩავსვა გადაღებები. რაც დრო გადის, პროექტიც მეტია და ეს ძალიან მახარებს.

- რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- გულწრფელად გითხრათ, ზოგადად არ მიყვარს ადრე ადგომა, მაგრამ უკვე წლებია, ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება. ბავშვები სკოლაში დადიან და მათ საუზმეს ვუმზადებ. ფაფა, ხილი, ბოსტნეული ყველას უყვარს და ვცდილობ ჯანსაღად იკვებონ. ამას პატარა ასაკიდან მიჩვეულები არიან. მრავალფეროვანი რაციონი გვაქვს... ჩემი უფროსი გოგონა ნინი 13 წლის არის, ლიზა 12-ის, მარიამი - 10-ის და ყველაზე პატარა, ანასტასია - 6-ის. ხშირად დილით გადაღებაზე მივდივარ, მერე იქიდან სამსახურში. საინტერესო სამსახური მაქვს და მიხარია, რომ სხვა მიმართულებითაც ვახერხებ განვითარებას. ეს სფეროც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი გოგონები ძალიან დაკავებული არიან მთელი დღე, დადიან წრეებზე, საღამოს ისევ ერთად ვიკრიბებით. დედის გაკეთებულ ვახშამზე კარგი არაფერია, ამიტომ სამსახურის მერე სახლში მოვიჩქარი, რომ შვილებს ვახშამი მოვუმზადო. ძალიან მიყვარს, როცა მათთვის რამეს ვამზადებ. ყველა ერთნაირ კერძს არ მიირთმევს, სხვადასხვა რამ უყვართ, ამიტომ ხშირად სხვადასხვა კერძის მომზადება მიწევს. საღამოს სახლში დაბრუნებულები მიზიარებენ მთელი დღის ამბებს, მეც ვუყვები ჩემს ამბებს და ასე შეხმატკბილებულები ვართ. გოგონებს ძალიან უყვართ ხატვა, სიმღერა, ცეკვაზე, უცხო ენაზე დადიან. ვცდილობთ სხვადასხვა მიმართულება მოსინჯონ და მერე თავად მიიღონ გადაწყვეტილება, აირჩიონ ის სფერო, რაც მათ მოსწონთ. სპორტით არიან დაკავებულები, ციგურებზე კარგად დგანან. დასვენების დღეებში ვცდილობ შვილების გვერდით ვიყო, მაქსიმალურად ემოციური კავშირი მქონდეს მათთან. ახლა სამი დღე ბაკურიანში ვიყავით და ძალიან ვისიამოვნეთ ერთად ყოფნით.

ძალიან მეცინება, როცა ამბობენ, ვარჯიშის დრო არ მაქვსო. თუ ადამიანს გაქვს სურვილი, ენერგია და ჯანმრთელობა, დროს აუცილებლად გამონახავ. ადგები 6 საათზე, ვარჯიშსაც მოასწრებ და გადაღებაზეც წახვალ. მთავარია შინაგანი დისციპლინა გქონდეს. ამას ჩემმა მშობლებმა პატარაობიდან მიმაჩვიეს. ბევრ წრეზე დავდიოდი და ძალიან მობილიზებული ვიყავი. ჩემი შინაგანი დისციპლინა იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ყველაფრისთვის დამრჩეს დრო. ცოტა დამღლელია, მაგრამ ბევრ რამეს ვასწრებ. ძალიან დიდი ენერგია მაქვს, სულ მინდოდა მეკეთებინა ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მსახიობობაზე სულ ვოცნებობდი, აბსოლუტურად შეთავსებადია დედობასთან საქმე, რომელიც მომწონს. ვარჯიშსაც ვასწრებ, გადაღებებზე წასვლასაც, შვილებთან ურთიერთობასაც და მენეჯერულ საქმიანობასაც.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები