დოდონა ნამორაძე: „როცა ფილიპინებიდან დავბრუნდი, ქართული სიმღერის შესრულება არ ვიცოდი… თუ ქართველი ხალხის დაფასება არ მექნება, სხვა დანარჩენი ჩემთვის არაფერს ნიშნავს…“

07-11-2024
944
Aa

დოდონა ნამორაძის ყოველი შესრულება მაყურებლის უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს. მომღერლის ვოკალური შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. დოდონას ბოლოდროინდელ ჩანაწერებზე ვესაუბრეთ…

დოდონა, „გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო“ რომ იმღერე, მაყურებელი წერდა, იუველირივით გამოჰყავს ბგერებიო…

ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. პირველად თამრიკო ჭოხონელიძის გადაცემაში შევასრულე, იმდენად ჩემეული აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, „ჩვენ შოუშიც“ გაგვეჟღერებინა. ქსოვრელებმა ნამდვილად სხვა ხიბლი შესძინა ამ შესრულებას. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ასეთ მუსიკოსებთან მუშაობა. მართლა ყველა კომენტარს ვკითხულობ არა მხოლოდ ჩემს გვერდზე, არამედ სხვა პლატფორმებზეც. ისე მომწონს და მსიამოვნებს, რამხელა სიყვარული მოდის. 2000 კომენტარში შეიძლება ერთი-ორი იყოს ნეგატიური. თითქმის არასდროს არის ცუდი კომენტარი, მიხარია, რომ ქართველ ხალხს ასე ვუყვარვარ…

როცა ქართულ სიმღერას ასრულებ, ვის აზრს ითვალისწინებ?

ფილიპინებზე ვცხოვრობდი წლების განმავლობაში, როცა საქართველოში დავბრუნდით, ქართული ლაპარაკიც მთლად გამართულად არ შემეძლო. რაღაცები მშობლებს შენარჩუნებული ჰქონდათ ჩემში, მხოლოდ ხალხურს ვმღეროდი. როდესაც ჩამოვედი, არავინ მყავდა, ვინც ქართული სიმღერის შესრულებას მასწავლიდა. ახლა რომ ვუსმენ ძველ ნამღერებს, მესმის ბევრი შეცდომა, გამოთქმაშიც და გემოვნებაშიც. ბოლო ერთი წელია, რაც დავიწყე ქართული სიმღერების უფრო ხშირად შესრულება. გავიცანი ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძე, ბატონი გია ბაღაშვილი, რომელთა აზრსაც ყველაზე ხშირად ვითვალისწინებ ქართული სიმღერის შესრულებისას. პირველად ქართული სიმღერა, პროფესიონალურ დონეზე, „იუმორინაზე“ შევასრულე, რაც თავიდან ბოლომდე გია ბაღაშვილის დამსახურებაა. საერთოდ არ ვიცოდი, სწორად როგორ უნდა მემღერა. ასეთი მუსიკოსების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როცა კომენტარებში ვკითხულობ უცხო ადამიანების ჯანსაღ კრიტიკას და რჩევებს, ამასაც ყოველთვის ვითვალისწინებ. მთავარი კი ისაა, რომ როცა სიმღერის შესრულებას შემომთავაზებენ, მე უნდა მომწონდეს. თუ არ მომწონს და მაინცდამაინც საჭიროება არ მოითხოვს, არ შევასრულებ. თუ არ მსიამოვნებს შესრულება, მეტყობა და მგონია, რომ მსმენელზეც გადადის ჩემი ეს დამოკიდებულება. გამორიცხულია ასევე ჩემი მხრიდან პლუს ფონოგრამაზე შესრულება. მაყურებელი ისედაც ხვდება, რომ პლუს ჩანაწერია, არ მიყვარს, რომ ვინმე მოტყუებული დარჩეს.

ყველაზე სასიამოვნო რომელი კომპლიმენტი მოგისმენია შენს შესრულებასთან დაკავშირებით?

ეს კომპლიმენტი შენახულიც კი მაქვს. აი, ახლა მოვძებნი… ერთი წუთით… კომპლიმენტი, რომელიც წავიკითხე, უკავშირდება „სოლოლაკი და აბანოთუბანს“, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ სიმღერის შესრულებით. აი, ვიპოვე კომენტარი – „ამ გოგოს ოქროსფერი ხმა აქვს“. ისე მომხვდა გულზე ეს შეფასება… არასდროს წარმომედგინა, რომ ჩემს შესრულებაზე რომელიმე ფერი გაახსენდებოდა მსმენელს… „იუმორინას“ პერიოდში „კახეთის“ რომ ვმღეროდით, ერთ-ერთ რეპეტიციაზე შემოვიდა სულიკო ღაღაშვილი და თქვა, – ეს გოგო ძაანა მღერისო (იცინის). ძალიან მესიამოვნა, ასეთი შეფასებაც არასდროს გამიგია.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები