ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რას ამბობს ზურა ხაჩიძე
"ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ზურა ხაჩიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ წინასაახალწლო კონცერტებში ჯგუფთან ერთად აუცილებლად გამოვა. მისი თქმით, ვინც ფიქრობს, კოლეგებიდან, რომ ახალი წელი სამძიმარი უნდა იყოს, მისი ნება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ასევე კმაყოფილია ახალარჩეული პრეზიდენტის. მიშა ყაველაშვილი ზურას დიდი ხნის მეგობარია და არც მის პატრიოტიზმში ეპარება ეჭვი და არც განათლებაში
- რაც შეეხება კონცერტებს ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნამდვილად გვაქვს კონცერტები და არაერთი, მაგრამ კონკრეტულად სად და როდის, ვერ გეტყვით. არიან კოლეგები, რომლებიც აპროტესტებენ დღევანდელ სიტუაციას და არ იღებენ არაფერში მონაწილეობას,მაგრამ ასევე არის აქეთ მხარეს არაერთი მომღერალი, რომელიც იღებს მონაწილეობას - მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, ჩვენი ბავშვობისთვის ამ დღეების გალამაზება, როგორც დედაქალაქში ისე რეგიონში.
არის საკითხები, რომლებიც ბავშვების განწყობას და საახალწლო დღესასწაულის შექმნას არ უნდა მივაკაროთ. ვინც ფიქრობს, რომ უნდა გააპროტესტოს და ახალი წელი უნდა იყოს სამძიმარი, მუქ ფერებში და ცუდი განწყობით, იმან იფიქროს, ეს მისი პოზიციაა და ვერავის დაუშლი.
მე არ ვფიქრობ ასე და არც ჩემი ჯგუფი და კიდევ უამრავი ჩემი კოლეგა, რომელიც არ აპროტესტებს დღევანდელ სიტუაციას და გასაპროტესტებელსაც ვერაფერს ხედავს.
- ბოლო დღეებში ხშირად გვესმის ფრაზა, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, სხვადასხვა მხარეს მდგარმა ხელოვანებმა, ერთმანეთს თვალებში როგორ უნდა შეხედონო...
- მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი მაბულინგებს, რომელიც მათ გვერდზე დგას და მათ პოზიციას იზიარებს, მომღერალი იქნება თუ მსახიობი, მიუხედავად იმისა, რომ მათი გვერდში მდგომი ხალხი შეურაცხყოფას მაყენებს, მე მათზე ცუდი არაფერი მიკადრებია რომ ვერ შევხედო. წითელი ხაზი არ გადამილახავს, ეს მათ უნდა ინერვიულოს, ვინც ამას აკეთებს.