როგორ ირჩევენ პატრიარქს?
როგორ ირჩევენ პატრიარქს? - პროცედურების შესახებ "ტაბულა" წერს.
- საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებულია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა გახსნას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს.
- თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს ან ანდერძში არ არის მოხსენებული მოსაყდრის ვინაობა, ეკლესიის მართვა პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის.
- რადგან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაადგინა მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისთანავე მისი მოსაყდრეობა შედის ძალაში (თუ ანდერძი საპირისპიროს არ ამბობს და თუ მღვდელმთავრები კანონიკურ პრეტენზიას არ აყენებენ).
- საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.
- გარდაცვალების შემდეგ მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს სინოდი პატრიარქობის იმ სამი კანდიდატის გამოსარჩევად, რომელიც უნდა წარედგინოს გაფართოებულ კრებას. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – თავისი თავიც. სინოდში ახლა 39 წევრია
- სამი კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, წარედგინება გაფართოებულ კრებას. გაფართოებული კრება მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს შემდეგ ვადებში: საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.
- გაფართოებული კრება შედგება სინოდის ყველა წევრისგან, ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირისგან. თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატისგან. ასევე აუცილებელია, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან კრებას ესწრებოდეს 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან.
- გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ, მაგრამ არჩევნებში ხმის უფლებით მონაწილეობს მხოლოდ მღვდელმთავარი.
- ანუ, ამომრჩეველი კვლავ 39 კაცია. შესაბამისად, პატრიარქი მხოლოდ მღვდელმთავრების რჩეულია.
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ხმოსნების არსებული რაოდენობით პატრიარქად ასარჩევად კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა დააგროვოს.
- თუ წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან ვერცერთი მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა პირველ კენჭისყრაში მიიღო.
- შესაბამისად, წინ ორი კრებაა: წმიდა სინოდი, სადაც სამ კანდიდატს ირჩევენ და გაფართოებული კრება, სადაც ამ სამი კანდიდატიდან პატრიარქს აირჩევენ.
ვინ შეიძლება გახდეს კათოლიკოს პატრიარქი?
- ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,
- უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,
- უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,
- ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,
- უნდა იყოს ბერი
- გაფართოებული კრებაის ჩატარება და პატრიარქის ინტრონიზაცია ხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
- შესაბამისად, პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



