დაგროვებითი პენსიიდან 153.2 მილიონი ლარი გაიცა - ვის და რა შემთხვევაში შეუძლია თანხის გატანა
დაგროვებითი პენსიით 31 286-მა პირმა ისარგებლა - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის 30 აპრილის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების თანახმად, პენსიის სახით უკვე გაიცა 153.2 მლნ ლარი.
2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.735 მლნ ადამიანს შეადგენს.
საპენსიო ფონდის ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის ფონდის აქტივებმა 9.1 მლრდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.
რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:
1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.



