"ეს სტატუსი რომ რომ არ დამეწერა გამორიცხული იყო, შემძრა ამ ბავშვის ამბავმა" - ნინო სურგულაძე ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს
მომღერალი, მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე ვიდეომიმართვას და ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელიც 2026 წლის ივნისის შუა რიცხვებში ინგუშეთში მომხდარ ტრაგედიას ეხება.
პატარა ბიჭუნამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა. რვა დღის განმავლობაში რეგიონი სუნთქვაშეკრული ელოდა სასწაულს, თუმცა დასასრული მძიმე აღმოჩნდა. რვა დღის შემდეგ, 22 ივნისს, 16:50 საათზე, იმედი საბოლოოდ ჩაქრა. მოხალისეებმა ხიზირის ცხედარი ტრაგედიის ადგილიდან 10 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
"ხიზირი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იყო, როდესაც დაინახა, რომ მის მეგობარს დახმარება სჭირდებოდა. დაუფიქრებლად შევარდა წყალში და მეგობრებს უთხრა: „ჩვენ რა, კაცები არ ვართ? მოდი, დავეხმაროთ!“ - ეს სიტყვები რვა წლის ბავშვს ეკუთვნოდა…
მეგობარი გადარჩა თავად კი ბობოქარმა წყალმა გაიტაცა. ეხლახანს ხიზირი იპოვეს… დაღუპული... ძალიან შორს იმ ადგილიდან...
ამ ისტორიის მოსმენისას კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რომ ადამიანობას ასაკი არ აქვს, გმირობას კი წლები არ სჭირდება — ზოგჯერ თურმე ამისთვის რვა წელიც საკმარისია. ამ დღეებში პატარა ბიჭმა დიდი გულით მთელი კავკასია შეძრა. მის საპოვნელად ათიათასობით ადამიანი გაერთიანდა — ჩეჩნები, ინგუშები და სხვა კავკასიელი ხალხები. ყველას ერთი ტკივილი ჰქონდა, რადგან ყველა გრძნობდა, რომ ხიზირი მხოლოდ ერთი ოჯახის შვილი აღარ იყო — ის ყველას შვილი გახდა.
მისმა საქციელმა შეგვახსენა, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და სიყვარული ადამიანის მიმართ. დღეს, როდესაც მსოფლიოში ხშირად გვესმის დაპირისპირების, სიძულვილისა და ეგოიზმის შესახებ, პატარა ხიზირის ისტორია გვახსენებს, რომ სამყაროს ისევ სიკეთე, თანაგრძნობა და ერთმანეთისთვის გაწეული თავგანწირვა ამაგრებს.
ღმერთმა სასუფეველში გაანათლოს პატარა ხიზირის ნათელი სული. მადლობა შენ, პატარა გმირო, მადლობა შენი აღზრდისთვის შენს მშობლებს და გულწრფელი სამძიმარი მათ. შენი სახელი და შენი საქციელი ბევრ გულში დარჩება, როგორც შეხსენება იმისა, თუ როგორები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ.
P.S. მისი სახელი — ხიზირი — იმავე ფესვიდან მოდის, საიდანაც ხიდრი (ალ-ხიდრი), რომელიც ისლამურ ტრადიციაში სიბრძნის, სიკეთისა და გასაჭირში მყოფთა დახმარების სიმბოლოდ ითვლება. ალბათ დამთხვევაა, მაგრამ საოცრად სიმბოლური დამთხვევა — ბიჭმა, რომლის სახელიც თავგანწირვას, დახმარებასა და კეთილშობილებას უკავშირდება, საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობრის გადარჩენა სცადა," - წერს ნინო სურგულაძე.



