“ექიმებმა არც კი იკადრეს ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ, პოლიციელი მომიგზავნეს: აპარატიდან უნდა გამორთონ აზრი აღარ აქვსო…” – ახალნამშობიარები ქალის მეუღლეს საშინელი ამბავი მოურიდებლად უთხრეს
გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა – უბედური შემთხვევა კლინიკა “გორმედში”, 2 კვირის წინ მოხდა. როგორც ცნობილი ხდება, დაღუპულია 30 წლის მაგდა ბალიაშვილი. გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები ექიმების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ.
“ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და წავიდა სახლში. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდაო…
არაფერი არ უთქვიათ, ვერ გაიგეს თვითონაც. ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სისხლს რომ უღებდნენ, ვენას ვეღარ პოულობდნენ”, – უთხრა “მთავარ არხს” გარდაცვლილის დედამ.
გარდაცვლილს, ახალშობილის გარდა, 4 წლის შვილი დარჩა.
“კლინიკამ გვითხრა თავიდან, თრომბი არისო, მერე არ აღმოჩნდა თრომბი, ფარული სისხლდენააო, კუჭის წყლული ხო არ ჰქონდაო. მე ვუთხარი, კუჭი არ სტკიებია-მეთქი. არც კი იკადრეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს და იმან მითხრა, – აპარატიდან უნდა გამორთონ, აზრი აღარ აქვსო… 4 წლის გოგო დამრჩა და 15 დღის ბიჭი… ვეცდები ყველანაირად, რომ გაირკვეს მიზეზი, რა დაემართა ჩემს მეუღლეს… ამ საქმეს გმოუძიებელს არ დავტოვებ”, – განაცხადა დაღუპული ქალის მეუღლემ, ამირან გოგინაშვილმა.