„ამ სიტყვებს მერეც ხშირად ამბობდა და მე გულში მეცინებოდა...“- რას ჰყვება მერაბ დვალიშვილის დედა შვილის წარმატებაზე
ჟურნალი „გზა“ აქვეყნებს მერაბ დვალიშვილის დედასთან, ქალბატონ დარეჯანთან ჩაწერილი ინტერვიუდან ნაწყვეტს, სადაც UFC-ის ჩემპიონის ხასიათზე საუბრობს:
„ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა, შვილები სტუდენტები გვყავდა. ერთ დღეს შინ გაღიზიანებული მოვიდა, შავდათუაშვილთან უჭიდავია, ის მორევია, წაუქცევია. მერაბი მაშინ პატარა იყო და ეს ამბავი ძალიან ემოციურად განიცადა. ეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, რომ მისთვის აზრი აღარაფერს ჰქონდა. კიმონოც დარბაზში დაუტოვებია, თავისი ნივთები მიუყრია და წამოსულა. სახლში რომ მოვიდა, სკამს ფეხი მიარტყა, შავდათუაშვილი მომერია და მე საჭიდაოდ აღარ გავალო. მივეფერე, დედიკო, რატომ ნერვიულობ, ჭიდაობაში თუ არაფერი გამოგივა, სხვა საქმეც ხომ შეგიძლია აკეთო, მძღოლობა ისწავლე-მეთქი. ჩემი ჭკუით, დავამშვიდე. გაბრაზებული შემომიბრუნდა; რას ამბობ, ადამიანო, მე საქართველო უნდა ვასახელოო. ამ სიტყვებს მერეც ხშირად ამბობდა და მე გულში მეცინებოდა. ვფიქრობდი, როგორ უნდა ასახელო საქართველო, უპატრონო ხარ, ხელის წამკრავიც კი არავინ გყავს-მეთქი. სულ ეს მიზანი ჰქონდა, სულ წინ ყოფნა უნდოდა. 8 წელი ნაქირავებში ვიცხოვრეთ, იმ გაჭირვებამ მერაბზე კარგად იმოქმედა, შრომის ფასი გაიგო. რომ ხედავდა, ბაზარში როგორ ვწვალობდი, როგორც შეეძლო, მაქსიმალურად მეხმარებოდა, სულ მხარში მედგა. მერაბი მებრძოლ პიროვნებად ჩამოყალიბდა, მხოლოდ ძალა და ბრძოლის ტაქტიკა კი – არა, ფსიქიკაც ძლიერი აქვს და ეს ყველაფერი მის წარმატებას განაპიროებებს”.
ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა.
შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.