"დღეს მნიშვნელოვანი დღეა: კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის მოლაპარაკება იწყება!"

30-10-2024
127
Aa

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი დღეს აპირებს შეხვდეს ნაპოლის ხელმძღვანელობას, განსახილველი საკითხი კი, ცხადია, ქართველი ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას IL MATTINO ავრცელებს:

"კლუბის წარმომადგენლები ყველანაირად ეცდებიან, რომ გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი დარჩენაზე დაითანხმონ. ისიც ცნობილია, რომ ჯუღელს პსჟ-ს შეთავაზება ხელში უჭირავს, ამდენად, მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე კვარაცხელიას წასვლის საკითხიც დაისმება. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ქართველის მხარე ნაპოლის მკაფიო სიგნალს უგზავნის: არ იქნება თანხმობა თუკი შეთავაზება სეზონში 8 მილიონზე ნაკლები იქნება. ნათელია, რომ ასეთ სიტუაციაში შესაძლოა ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს, თუმცა, ამჟამად ყველაზე რეალური ისაა, რომ ტრანსფერი აქტუალური უკვე ამ სეზონის ბოლოს გახდება. იმ შემთხვევაში, თუკი დე ლაურენტისის დღევანდელ წინადადებაში რაიმე სიახლე არ იქნება".

როგორც ცნობილია, ნაპოლი ხვიჩას კონტრაქტის 2029 წლამდე განახლებისთვის სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობს (ამჟამად, 1.5 მილიონი ევროს იღებს)  ხოლო ფეხბურთელის გარემოცვა 8 მილიონ ევროს ითხოვს. კვარაცხელიას ამჟამინდელი კონტრაქტი ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდეა.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში 2022 წლის ზაფხულიდან გამოდის, 2022-23 წლების სეზონში კლუბთან ერთად სკუდეტო მოიგო, თავად კი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში უკვე 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.

FACEBOOK კომენტარები