"მა! ძებნას ნუ დაიწყებ... დედამ არ ინერვიულოს. მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი..." - აფხაზეთის ომს შეწირული ღიმილის ბიჭი, 50 წლის გახდებოდა

26-06-2024
515
Aa

რამდენ გმირს არ ვიცნობთ აფხაზეთის ომიდან, არადა, უახლესი ისტორიაა, ერთი ხელის გაწვდენაზე მომხდარი.

1974 წლის 24 ივნისს ნიკუშა ღიბრაძე დაიბადა. 50 წლის გახდებოდაო, ამ დროს ვამბობთ ხოლმე, მაგრამ ის დღესაც 19 წლის გახდა! ამ ასაკის წავიდა ომში და სამუდამოდ ამ ღიმილით შემორჩა აქაურობას. 

1990 წელს თბილისის 126-ე საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტის სტუდენტი გამხდარა. პარალელურად გადაუდებელ სასწრაფო დახმარების სადგურში მუშაობდა.

1993 წლის ივლისის ბოლოს, III კურსის სტუდენტი გახლდათ, როცა მშობლების უჩუმრად მოხალისედ წავიდა აფხაზეთში სამხედრო შენაერთ "სკორპიონის" 23-ე ბრიგადაში.

მშობლებს კი დაუტოვა წერილი:

„მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ თბილისში ჩემი დარჩენა შეუძლებელია, ისედაც დიდი ხანი ვითმინე!.. დაჭრილებს მაინც წავადგები ჩემი იქ ყოფნით... ყველამ იცით, რომ სულელი არ ვარ და თავიც საკმაოდ მიყვარს... მივდივარ, რათა შევინარჩუნო ჩემი ნამუსი, ადამიანობა... ავთო, მა! ძებნას ნუ დაიწყებ... დედამ არ ინერვიულოს... ხშირად დავრეკავ, 1-2 კვირაში ჩამოვალ, არაფერი დამაკლდება...“

19 წლის ღიმილის ბიჭი ვერ ჩამოვიდა.

1993 წლის 1 აგვისტოს სოხუმში, საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

***

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თავის რუბრიკაში - "ერთი გმირის ისტორია" ნიკუშას დედის ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს. 

ნანა ღიბრაძე: სულ ერთი კვირა იყო ომში, 26 ივლისს გაიპარა. პირველ აგვისტოს, კვირა დღეს დაიღუპა სოხუმში.
ავთომ ბევრი ეძება.. წინა დღეს, შაბათს, ავთო სოხუმში აპირებდა წასვლას მის მოსაძებნად, მაგრამ ღამით საომარი მოქმედებები ყოფილა და ბატალიონში ჯარისკაცები დაიჭრნენ და ვერ წავიდა. ორშაბათს ჩავიდა სოხუმში და უთხრეს თბილისში წავიდაო. ავთოს ვერ უთხრეს, შვილი რომ აღარ ჰყავდა ცოცხალი.. 2-ში დილით სასწრაფოს მანქანით ჩამოიყვანეს ჩემი ნიკუშა...
ამბობდა ხოლმე, ჯარისკაცად არ გაგიზრდივართ, მაგრამ ექიმად მაინც გამოვადგები ჩემს ქვეყანასო. ჩვენ, ორივე ექიმები ვართ და ბავშობიდან ვასწავლიდით პირველად სამედიცინო დახმარებას, ამიტომ იცოდა ყველაფერი.

ძალიან მოსიყვარულე იყო... სკოლაში იშვიათად მივდიოდი ხოლმე, მაგრამ ერთხელ წავყევი და გამოვიდა დირექტორი, ქალი იყო, ნიკუშაო დაუძახა გადაეხვია, აკოცა. მასწავლებელი შეხვდა გადაეხვია, აკოცა.. მერე ვუთხარი, ამხელა ბიჭია-თქო.. და რა ვქნათ, ძალიან გვიყვარსო. რადგან იცოდა, რომ ასე უყვარდა ყველას, კლასში ყველას დანაშაულს თავის თავზე იღებდა - მე არ გამიბრაზდებიანო. მერე საღამოს მიდიოდა, ხან ჩაქუჩი მიჰქონდა, ხან ლურსმნები, თუ რამე იყო გასაკეთებელი, აკეთებდა. სხვანაირი ბავშვი იყო, სადაც მიდიოდა ყველას ეხმარებოდა. მის თვალებში ყოველთვის სიყვარული იყო. სულ გაღიმებული, სულ კეთილგანწყობილი...

ნიკუშას გარდაცვალების შემდეგ, მისმა ძმამ თავის შვილს ნიკუშა დაარქვა; ბევრმა მისმა მეგობარმაც დაარქვა მის ვაჟს ნიკუშა ჩემი შვილის სიყვარულით... მახსოვს, ერთ წელიწადს, სასაფლაოზე მოიყვანეს თავიანთი შვილები - სახელად ყველა ნიკუშა..ასე მგონია, სანამ სხვებსაც ახსოვთ, აქ არის, თორემ სანამ ჩვენ ვიცოცხლებთ, ჩვენს გულებში ყოველ წამს იქნება ჩვენი ნიკუშა..

FACEBOOK კომენტარები