რონალდოს დედა ორსულობის შესაწყვეტად ექიმთან მივიდა, თუმცა უთხრეს, რომ სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული იყო - არასასურველი შვილობიდან დიდ სპორტსმენობამდე
კრიშტიანო დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“ უკავშირდება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო.
ცნობილი ფაქტია, რომ რონალდოს დედა დოლორეშ ავეირო ორსულობის შესაწყვეტად ექიმთან მივიდა, თუმცა უთხრეს, რომ სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული იყო. მეზობლების რჩევით, დოლორეში ძლიერ ლუდს სვამდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო - ორსულობა არ შეწყდა და 1985 წლის 5 თებერვალს კრიშტიანო რონალდო დაიბადა.
ბავშვობაში რონალდოს საყვარელი გუნდი ლისაბონის „ბენფიკა“ იყო. რვა წლის ასაკში კრიშტიანო „ანდორინიაში“ ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის „ნასიონალში“ გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალიის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.
კარიერა
რონალდოს შეძენის პირველი მსურველი იყო ინგლისური „ლივერპული“, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდოს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანოს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა „სპორტინგმა“ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ რონალდოს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდოს თამაშით აღფრთოვანებული დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.