მამა ტყუპ ქალიშვილს 20 წელი მალავდა – გოგონებს არასოდეს ენახათ სარკე, ტელევიზორი, დღეში ერთხელ ჭამდნენ და არ იცოდნენ, რომელი წელია ახლა

20-08-2024
3 125
Aa

დაუჯერებელი ამბავი უკრაინის სოფელ ტერნში მოხდა და შეზარა არა მარტო უკრაინელები, არამედ ყველა, ვინც შეიტყო ამის შესახებ. 57 წლის ალექსეი გოროდიშენკო თავადაც განდეგილად იქცა და პაწაწინა ქოხში მთელი 20 წლით გამოკეტა თავისი ქალიშვილები – ტყუპი და ინა და ლინა, რომელნიც სულ ცოტა ხნის წინ დაიხსნეს ტყვეობიდან.

“ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სოფელში დაწყებითი სკოლა დახურეს, – იხსენებს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, – ლინამ და ინამ მაშინ დაამთავრეს პირველი კლასი. თუმცა ცოტა ჩამორჩენილები იყვნენ, პროგრამას ვერ ითვისებდნენ და სპეციალურ ინტერნატში გადაწყვიტეს მათი გაგზავნა. ტყუპის დედა წინააღმდეგი იყო. გამოაცხადა, რომ თავად მოუვლიდა ბავშვებს. თუმცა ასე არ მოხდა – გალოთდა და სულ მალე სხვა კაცს გაეკიდა, შვილები კი ქმარს მიუგდო… ხალხს ეცოდებოდა, ზოგი ღვეზელებს აწვდიდა, ზოგი ვაშლს თუ კარტოფილს… ბავშვების მამას არასდროს ჰქონია ბოსტანი, არც ბაღს უვლიდა. ქალაქის სანაგვეზე მუშაობდა და იმით შოულობდა ფულს. მერე კი უცებ სულ გაწყვიტა ხალხთან ურთიერთობა, გოგონებსაც აუკრძალა გარეთ გამოსვლა და სახლში გამოკეტა. ჩვენ რა უნდა გვექნა”.

ასე გამოკეტეს დები სახლში. ოცი წელი ოთხ კედელს შორის გაატარეს. როგორც ექიმები ამბობენ, ლაპარაკი სულ რომ არ დაავიწყდათ და მთლად არ გაგიჟდნენ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ორნი იყვნენ. შეკითხვების უმრავლესობაზე ერთი პასუხი აქვთ: “არ ვიცი”. არ იციან არც იმ ქალაქის სახელი, სადაც მათი დედა ცხოვრობს. არ იციან, რა დრო გაატარეს განდეგილობაში, რატომ გააკეთა მამამ ეს, რა ასაკისანი არიან და საერთოდ, რომელი წელია ახლა.

– მამა ყოველდღე მიდიოდა და ბოქლომით გვკეტავდა გარედან, – ამბობს ლინა, – მე და ინამ ერთხელ ვცადეთ ფანჯრიდან გადაძრომა, მაგრამ მეტისმეტად ვიწრო ჭრილია…

26 წლის დებს მხოლოდ მაშინ უდგებათ თვალებში პატარა ნაპერწკალი, როცა სერას იხსენებენ – ძაღლს, რომელიც მათი ერთადერთი მეგობარი იყო და მათთან ერთადაც კი ეძინა.

გოგონები ერთმანეთის სიახლოვემ გადაარჩინა მხოლოდ, თორემ მარტო რომ ყოფილიყვნენ, ვერ გადარჩებოდნენ, ფსიქიკურად მაინც, ერთად კი, როგორც ამბობენ, რაღაც გათვლებს თამაშობდნენ ან საფეხურებზე ხტებოდნენ ხოლმე. ბედნიერება ეწვეოდათ, თუ მამა შემთხვევით ძველ ჟურნალებს ან წიგნებს მიუტანდათ. გოგონებისთვის არავის წაუკითხავს ზღაპრები, არავინ ელაპარაკებოდა. მამა ძირითადად გარეთ იყო, სახლშიც უმთავრესად დუმდა.

გოგოები ტანსაცმელს არ რეცხავდნენ – როცა მეტისმეტად ჭუჭყიანდებოდა, უბრალოდ აგდებდნენ. ძირითადად მამის გამონაცვალი ძველი სამოსი ეცვათ. მამა ხანდახან აბანავებდათ ძველ ტაშტში. თავადვე ჭრიდა თმას. რაც შეეხება ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ამისთვის სპეციალური ვედრო ჰქონდათ, რომლის შიგთავსს კაცი პირდაპირ ეზოში ღვრიდა. ტუალეტი სახლს არც ეზოში აქვს

დებს თვითნაკეთ ხის საწოლებზე ეძინათ. ძირითადად დღეში ერთხელ ჭამდნენ, საღამოობით – კარტოფილს. იშვიათად ჰქონდათ ბორში ან სუფი. ძირითადად მამა ამზადებდა, თუმცა ლინაც შიგადაშიგ ეხმარებოდა. მას მერე კი, რაც სამზარეულოში ჭერი ჩამოინგრა, ქურასთან სიცივეში დგომა შეუძლებელი იყო და ვეღარ ამზადებდა.

ლინა აღიარებს, რომ მას და მის დას არასოდეს ჰქონიათ თოჯინა და არც უზეიმიათ რამე. მათი პირველი ახალი წელი, მორთული ნაძვის ხით, სამი კვირის წინ შედგა რაიონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ისინი განდეგილობიდან გამოხსნის შემდეგ მოხვდნენ. გაოგნდნენ, როცა სარკე დაინახეს – არასოდეს ენახათ. ისევე, როგორც ფერადი თბილი ხალათი თუ ტელევიზორი.

– როცა მოიყვანეს, იისფერი კანი ჰქონდათ, – ამბობს გაოგნებული მთავარი ექიმი, – წნევა ჰქონდათ სამოცდაათი ორმოცზე! სისუსტისგან ქანაობდნენ. ორივეს უფორმო მამაკაცის სვიტერი და შარვალი ეცვათ, გაცვეთილი ფეხსაცმელი. პირველ დღეებში პირდაპირ გააფთრებულები ჭამდნენ. ჩვენს თანამშრომლებს ტკბილეულიც მიჰქონდათ, თუმცა გვერდზე დებდნენ – არ გაესინჯათ და ვერ ხვდებოდნენ, რა იყო. იმ რამდენიმე კვირაში, რაც აქ არიან, ლოყებიც მოუმრგვალდათ. ლინას როგორც კი მომენტი ჩაუვარდება, ცდილობს ვინმეს ჩაეხუტოს, მედპერსონალს ეფერება. ინა კი ყურადღებას წუწუნით იქცევს: ხან თითქოს ხელი სტკივა, ხან თავი. კარგი კვების, ვიტამინების, სუფთა ჰაერზე სეირნობის წყალობით წნევაც მწყობრში ჩაუდგათ. სულ ქუჩაში უნდათ ყოფნა – დარბიან, ხტუნაობენ, ბავშვებივით უხარიათ.

ერთ დღეს ფსიქიატრიულთან მამამისმაც გაიელვა, თუმცა შვილებთან არ მიუშვეს. შორიდან დაუძახა: “გაუძელით, გოგოებო, გაგათავისუფლებთ!” თუმცა საეჭვოა, გოგონებს ძველ ყოფასთან დაბრუნება მოუნდეთ.

ახლა საზოგადოება იმაზე მსჯელობს, ამდენი წელი რატომ არავინ იზრუნა ამ გოგონების ბედზე და ოცი წელი როგორ არავინ შეწუხდა ამ დაუჯერებელი ამბით?

FACEBOOK კომენტარები