"გულწრფელად მითხარი, გთხოვ, როგორც დედამ დედას, საერთოდ არ გრცხვენია? ღმერთს გეფიცები, შენზე ლოცულობს ნია, რომ ღმერთმა მოგიტევოს“ - პირდაპირ ეთერში, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის დედა პროკურორს დაუპირისპირდა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის დედა, პროკურორ ქეთევან სონიძეს სიტყვიერად იმ დროს დაუპირისპირდა, როდესაც პროკურორი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.
პროკურორი მედიასთან ამბობდა, რომ ნია იმნაძე ნამდვილად რომ ყოფილიყო შევიწროების მსხვერპლი, ამასთან დაკავშირებით მის მშობელს რეაგირება ექნებოდა.
„თამარ ნავროზაშვილმა, რომელსაც რომ ჰქონოდა მსგავსი რეალური შიშის საფუძველი და ბავშვი ნამდვილად ყოფილიყო შევიწროების მსხვერპლი, ბუნებრივია ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნებოდა“, - განაცხადა ქეთი სონიძემ.
სწორედ ამის თქმის შემდეგ მივიდა პროკურორთან ნია იმნაძის დედა.
„გულწრფელად მითხარი, როგორც დედამ დედას, არ გრცხვენია თუ რაზეც გაქვს ხელი მოწერილი? ღმერთი მაღლიდან იყურება, ცხოვრება ბუმერანგია და არავინ არ იცის ვის რა დაუბრუნდება. ნია შენზე ლოცულობს, რომ ღმერთმა მოგიტევოს, კარგად იცი რომ ნიაკო უდანაშაულოდ გყავს დაჭერილი“,- მიმართა ბრალდებულ ნია იმნაძის დედამ პროკურორს.
პროკურორის, ქეთევან სონიძის შეფასებით, ბრალდებული არასრულწლოვნის მშობელი მასთან ახლოს იდგა, რომ მას უხერხულად ეგრძნო თავი და დისკომფორტი შეჰქმნოდა.
ინფორმაციისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.
ვიდეო: "ფორმულა"



