უმძიმესი ამბის დეტალები - "საშინელი დეტალია ისიც, რომ ბავშვების ცხედრების ნაწილები ერთ სასახლეში იყო ჩასვენებული, რადგან..." უმძიმესი ამბის დეტალები - "საშინელი დეტალია ისიც, რომ ბავშვების ცხედრების ნაწილები ერთ სასახლეში იყო ჩასვენებული, რადგან..." » დროული ინფორმაცია უმძიმესი ამბის დეტალები - "საშინელი დეტალია ისიც, რომ ბავშვების ცხედრების ნაწილები ერთ სასახლეში იყო ჩასვენებული, რადგან..."

უმძიმესი ამბის დეტალები - "საშინელი დეტალია ისიც, რომ ბავშვების ცხედრების ნაწილები ერთ სასახლეში იყო ჩასვენებული, რადგან..."

16-01-2025
2 340
Aa

ემილია, ანა-მარია, ნია, ელენე და სოფია - 5 იანვარს ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი გოგონა ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში ხუთშაბათს, 9 იანვარს დაკრძალეს. მათგან უფროსი ემილია 8 წლის იყო, უმცროსი სოფია - 8 თვის. ჭოლარიების ოჯახს ორი წლის წინ რამდენიმე კვირის ახალშობილი ბიჭი, ილია ჰყავს დაღუპული. დედა, მამა და ხუთი პატარა გოგონა ზუგდიდში დევნილთა დასახლების ერთოთახიან ბინაში სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა. ტრაგედიის დღეს ბავშვები ოკუპირებულ გალში, ბებიასთან იყვნენ სტუმრად. დედა ენგურს აქეთ, ზუგდიდის კლინიკაში იწვა, მამა ცოლის სანახავად იყო წასული.


ხანძარი გალის სოფელ საბერიოს ხის პატარა სახლში 5 იანვარს, დილით გაჩნდა. როგორც ამბობენ, ბებიამ შეშის ღუმელში ცეცხლის დასანთებად ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი შეასხა, ცეცხლი უცებ აალდა და ხის სახლს სწრაფად მოედო. სახლი თითქმის 10 წუთში დაიფერფლა. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. პატარები ისე დაიწვნენ, რომ ყველას ამოცნობა ვერ მოხერხდა. ოთხი ბავშვის სხეულის ნაწილები დამწვარ რკინის საწოლებზე იპოვეს, ემილიას დამწვარი სხეული კი, რომელსაც, როგორც ჩანს, ხანძრის დროს ეღვიძა, იპოვეს საწოლიდან მოშორებით, სადაც, ალბათ, მაგიდა იდგა. მეზობლების თქმით, ჩანს, შეშინებული მაგიდის ქვეშ დაიმალა. ბებია მესამე ხარისხის დამწვრობით ჯერ რუხის, შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ეს უმძიმესი ამბავი დილით ადრე აფხაზურმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს. 6 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გლოვის დღე გამოაცხადა: გაუქმდა გასართობი ღონისძიებები, ასევე გასართობი­ გადაცემები ტელევიზიასა და რადიოში. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ გალის ე.წ. ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელ კონსტანტინე ფილიას დაავალა "ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ოჯახს". ასევე მოიხსნა შეზღუდვები ენგურის გადასასვლელზე მათთვის, ვისაც სამძიმარზე წასვლა სურდა.

საქართველოს ხელისუფლებამ გლოვის დღედ 9 იანვარი გამოაცხადა - პატარა გოგონების დაკრძალვის დღე. გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ დაღუპული ბავშვების ბებია კლინიკაში მოინახულა და ოჯახს 10.000 ლარი ჩაურიცხა, ხოლო 50.000 ლარი ჩაურიცხა ოჯახს კომპანია "გალფი ჯგუფმა". ასევე დაღუპული ბავშვების ოჯახის დასახმარებლად მოქალაქეებმა თანხა "ფეისბუქის" საშუალებითაც შეაგროვეს. სპორტულმა გვერდმა MMA Georgia-მ 9.000 ლარი შეაგროვა, "აფხაზური ამბების" გვერდის ინიციატივით 12.000 ლარი, ხოლო ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ორგანიზებით 9.000 ლარი შეგროვდა.

"ერთი მაინც გამოსულიყო გარეთ, ერთი მაინც გადარჩენილიყო"


სოფელი საბერიოს მცხოვრები: "სახლი სულ დამწვარია, ბავშვების მხოლოდ ფრაგმენტები იპოვეს. ერთ სასახლეში ჩაუსვენებიათ ხუთივე ბავშვის ნაწილები. მშობლები სულ ახალგაზრდები არიან. იქ რაც ვნახე, მას შემდეგ ცუდად ვარ. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს. ამბობენ, თითქოს ბებიამ ოთახის გასათბობად შეშის ღუმელში შეცდომით სალიარის ნაცვლად ბენზინი შეასხა, ბენზინმა იფეთქა და ბებიას სახესა და გულმკერდზე მოედო, საწვავის ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი იატაკზე დაისხა და ცეცხლი გაუჩნდა. ბებია კივილით გარეთ გამოვარდნილა, თურმე მეზობლებს ეძახდა დასახმარებლად. იმასაც ამბობენ, თითქოს ქალმა ცეცხლის დასანთებად ბენზინიანი ნაჭერი შეაგდო ღუმელში და თვითონ საძროხეში წავიდა. ღუმელიდან ნაკვერჩხალი გამოვარდა და მოხვდა იქვე დატოვებულ ბენზინიან ჭურჭელს, რომელიც აფეთქდა. როცა ქალმა აფეთქების ხმა გაიგონა და ნახა, რომ სახლს ცეცხლი მოედო, ეცადა სახლში შესვლას და ბავშვების შველას, მაგრამ როცა მეზობლები მივიდნენ, ბავშვების გადარჩენის შანსი აღარ იყო, სახლს მთლიანად ცეცხლი ეკიდა. ძველი ხის სახლი იყო, 5 წუთი ყოფნის მთლიანად რომ დაიწვას.

სოფელი საბერიო დიდი სოფელია, თუმცა მჭიდროდ დასახლებული არ არის, რომ ერთ დაძახებაზე უცებ მოირბინოს მეზობელმა, სახანძროს გამოძახებაც რთულია. ტელეფონებიც არ იჭერს და უცებ ვერ მოვა. "ენგურჰესი" ახლოსაა და იქაური სახანძრო მალე მოსულა, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა. ბავშვების ყვირილი არავის გაუგონია. ყველა საწოლში იპოვეს, უფროსი ბავშვის გარდა. ჩანს, გოგონა მაგიდის ქვეშ შემძვრალა შეშინებული. ბავშვების სხეულების მხოლოდ ფრაგმენტები დარჩა. ნეტავ ერთი მაინც გამოსულიყო გარეთ, ერთი მაინც გადარჩენილიყო... ბებია კლინიკაში წევს მესამე ხარისხის დამწვრობით და ცოცხალ-მკვდარია ამ ამბის გამო. რა აზრი აქვს მის სიცოცხლეს". განაგრძეთ კითხვა

FACEBOOK კომენტარები