ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო – უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
10 დეკემბერს თბილისში, მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ. 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს.
ლაშა მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო. უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდორაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მოკლული ბიჭის ახლობლების ინფორმაციით, მინდორაშვილი წარსულში ნასამართლევია, ის კახეთიდან არის. ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, მკვლელობის მიზეზი “ცუდად შეხედვა გახდა”
“ლაშა და მკვლელობაში ბრალდებული საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ბრალდებულს ჩვენებაში უთქვამს, ცუდად შემომხედა და ამიტომ ვკარი ხელიო. გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება გავმხდარიყავით მისი მსხვერპლი. ლაშა მშენებლობაზე მუშაობდა, თბილისში ამიტომ ჩამოვიდა, ისე სოფელში ცხოვრობდა. მეტროში ჩავიდა, რადგან მაგ დღეს სოფელში ბრუნდებოდა” – ამბობს მოკლული ახალგაზრდის ახლობელი.