ყველაფერს ვიტყვი, თავდაყირა დადგება ყველაფერი! თვითონ ღარიბაშვილიც გამოვა იტყვის - თამარ ბაჩალიაშვილის მამა
იქიდან მოდის ყველაფერი - დაკვეთა, მკვლელობა - მთავრობიდან. ჩემი შვილი მთავრობამ მოკლა! ხო იძახდნენ ლილუაშვილი არ არიო ქოლცენტრებშიო? ეხლა ვენებს იჭრიან, თურმე ლილუაშვილიი ყოფილა - აღმოჩნდა. არაფერი გამოძიებულა, საერთოდ არაფერი, ერთადერთი ზუსტად საბუთებში რაც წერია ის არი - თამარ ბაჩალიაშვილი, მორჩა! ხელახლა მოვითხოვთ გადაკვალიფიცირდეს, მკვლელობის მუხლით დაიწყონ გამოძიება. სხვა გზა არ არსებობს, გაჩერება არ არსებობს, ბევრი ფაქტები გვაქვს ხელში, ბევრი ინფორმაციები გვაქვს ხელში. დაიწყება გამოძიება და ყველაფერს ვიტყვი, თავდაყირა დადგება ყველაფერი! თვითონ ღარიბაშვილიც გამოვა იტყვის ალბათ, ლილუაშვილიც იტყვის და ის არაკაცი გომელაური როა, ნაპირზე რო დგას - ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობს ეგა!“ - უთხრა „ფორმულას“ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურაში მივიდა, ისინი გამოძიების ხელახლა - მკვლელობის მუხლით დაწყებას მოითხოვენ.![]()
“მერე რა რომ მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო (ღარიბაშვილი), სამაგიეროდ მერე 2-ჯერ გახდა პრემიერი, სავარაუდოდ ისევ მაგ კომპრომატების გამო, მე არ მჯერა დამთხვევების. დარწმუნებული ვარ, (ღარიბაშვილს აქვს კომპრომატები მოქმედი თანამდებობის პირების წინააღმდეგ), რომლებიც სავარაუდოდ თამუნას მოაძებნინეს... მაგ დასკვნამდე მივედი, რომ ეს არის კომპრომატების ნახვა. არც კომპიუტერი არ დააბრუნეს, მაგის გამო, რომ იმ კომპიუტერში ჰქონდა ძალიან ბევრი ისეთი ფაილი, რაც ამხელდა ამათ. ამიტომაც წამოვიდა სამსახურიდან და ზუსტადაც იმიტომ დაამთხვიეს იმ სამსახურიდან წამოსვლას, რომ ისრები მიმართული ყოფილიყო იმ სამსახურისკენ.“ - განაცხადა დღეს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ TV პირველთან.
2020 წლის 18 ივლისს, 23, წლის თამარ ბაჩალიაშვილი დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა



