ზუსტად ამ დროისთვის დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
მართალია, ძალიან ხშირად არ ხდება, მაგრამ გასული 540 მილიონი წლის განმავლობაში, პლანეტა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, ხუთი მასობრივი გადაშენების მომსწრე გახდა — წყვდიადის შემდეგი ფარდა კი შესაძლოა საუკუნეზე ნაკლებ დროში დაეშვას.
ასეთი საშინელი შეფასება დედამიწის ნახშირბადის ბრუნვის ციკლის ახალ მათემატიკურ ანალიზებს ეყდრნობა. როგორც გათვლები პროგნოზირებს, CO2-ის გამოყოფის საზარელ მომავალს თანდათან მივყავართ ისეთი კატასტროფის ზღურბლზე, რომელიც პლანეტას მილიონობით წლის განმავლობაში არ განუცდია.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოფიზიკოსმა დენიელ როტჰმენმა გამოიკვლია ბოლო 542 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე ნახშირბადის ციკლის რყევები — ნახშირბადის კვალის სვლა დედამიწის ხმელეთზე, ოკეანეებსა და ატმოსფეროში.
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
მსგავსი: ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ნახშირბადის სხვადასხვა იზოტოპების შედეგად გამოწვეული და გეოქიმიკოსთა მიერ აღიარებული 31 მოვლენის ანალიზის შედეგად, როტჰმენმა მოახიდნა ნახშირბად-12-ისა და ნახშიბად-13-ის უკუქცევისა და დინების იდენტიფიკაცია. ნახშირბადის ამ ორი იზოტოპის რაოდენობა დედამიწის ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მან შექმნა მონაცემთა ბაზა, რათა შეეფასებინა თუ რა მასის ნახშირბადი ხვდებოდა დედამიწის ოკეანეებში თითოეული კატასტროფული მოვლენის დროს. უმრავლეს ეპიზოდთა შემთხვევაში, ნახშირბადის მოცულობა გარკვეულ ზღვარს ქვეშ რჩებოდა.
მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შორის წარსულში მომხდარი ხუთი მასობრივი გადაშენების დროს, როდესაც პლანეტაზე სიცოცხლის ფორმების უდიდესი ნაწილი მოისპო — ზღვარი გადალახული იყო.
ახლა ყველამ ვიცით, რომ კორელაცია მიზეზობრიობას არ ათანაბრებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს არაერთი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად საშიშია ნახშირბადის მაღალი დონე ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისათვის — ჩვენ წინაშე მკაფიოდ იჩენს თავს შემაშფოთებელი პროგნოზი.
„აშკარა ხდება, რომ ადგილი ჰქონდა ცვლილებათათვის დამახასიათებელ მაჩვენებელს, რომელიც სისტემას არ მოსწონდა და მისი გადალახვა არ შეეძლო“, — ამბბს როტჰმენი.
ახლა კი ცუდი ამბავი.
როტჰმენის გათვლების თანახმად, არსებობს ორი გზა, რომლითაც ნახშირბადის დონემ შეიძლება გადააჭარბოს კატასტროფულ ზღვარს. ერთ-ერთი მათგანის გავლით, CO2-ის გამოყოფა ათასობით და მილინობით წლის განმავლობაში თანდათან ძლიერდება, რაც ნელ-ნელა იწვევს გლობალურ კატასტროფას.
მორე შემთხვევა დროის გაცილებით მოკლე მონაკვეთში ხდება, როდესაც ნახშირბადის მოცულობის უზარმაზარი ცვლილება გადაადგილდება ნახშირბადის ციკლში, რასაც სულ რაღაც წლები ან ათწლეულები სჭირდება. ნაცნობი სიტუაციაა, არა?
ამ კონტექსტში, როტჰმენი პროგნოზირებს, რომ ამ ზღვრის გადასალახად საჭიროა მსოფლიო ოკეანეს შეემატოს დაახლოებით 310 გიგატონა ნახშირბადი — დაახლოებით მინიმალური მოცულობა, რომელიც დედამიწას 2100 წლისთვის უნდა შევმატოთ, თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა. მკვლევართა განცხადებით, ამ წერტილიდან ჩვენ შევალთ „უცნობ ტერიტორიაზე“.
„ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უბედურება მეორე დღესვე დაგვატყდება თავს“, — ამბობს როტჰმენი.
„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეს ყველაფერი უკონტროლო დარჩება, ნახშირბადის ციკლი გადაინაცვლებს იმ გარემოში, რომელიც უკვე აღარ იქნება სტაბილური და მოიქცევა ისე, რომ ურთულესი იქნება პროგნოზირება. დედამიწის გეოლოგიურ წარსულში, ასეთი ტიპის ქცევა ყოველთვის დაკავშირებულია მასობრივ გადაშენებასთან“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მანამ, სანამ კაცობრიობა რაიმეს არ იღონებს ნახშირბადის სიტუაციის დრამატული შემობრუნებისთვის, ჩვენ ყველა შესაძლოა საზარელი გადაშენების წინაღე აღმოვჩნდეთ.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს საფრთხე მხოლოდ ჩვენ როდი გვეხება — ადამიანთა თავაშვებულ მოქმედებათა შედეგად, საზარელი მომავალი ემუქრება დეამიწისმრავალ სხვა არსებასაც.
გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ერთ ღამეში არ მოხდება. როტჰმენის ვარაუდით, ეპიკურმა, ნელმა სიკვდილმა შეიძლება 10 000 წელიც გასტანოს და ეს ყველაფერი 2100 წლიდან დაიწყოს, თუკი რაიმე არ ვიღონეთ.
რა თქმა უნდა, ეს მსოფლიო ნახშირბადის მატერიალიზების მხოლოდ ერთი პერსპექტივაა. როტჰმენს არ აქვს პრეტენზია, რომ პასუხი აქვს ყველა კითხვაზე, მაგრამ იმედოვნებს, რომ სხვა მტკიცებულებათა გამოჩენის შემდეგ, ყველაფერს პასუხი გაეცემა.
„შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობდეს ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების გზები“, — ამბობს იგი.
„ეს კვლევა წარმოაჩენს მიზეზებს, თუ რატომ გვესაჭიროება სიფრთხილე და გვაძლევს წარსულის შესწავლის კიდევ უფრო მეტ მიზეზს, რათა უკეთ გავერკვეთ აწმყოსა და მომავალში“.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით
ინფორმაციის წყაროა 1tv.ge მეცნიერება