"საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე"- რატომ ვერ ყიდის მოგებულ ბინას თედო ბექაური და ვის ანდობს ის ყველა საიდუმლოს?
თედო ბექაურმა საზოგადოებას თავი ბავშვობიდან შეაყვარა და დაამასხოვრა – ფილმ „გაღმა ნაპირში“ ის საოცრად ასრულებს მთავარ როლს და გულისამაჩუყებლადაც ცეკვავს. თედო ბექაურმა თავის ცხოვრებაზე და ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებზე "თბილისელებთან" ისაუბრა.
თედო ბექაური: "ცოლი რომ მოვიყვანე, არც ბინა მქონდა და არც სტაბილური შემოსავალი. ორბეთში, ჩემს სოფელში ვცხოვრობდით, რთულ პირობებში, განსაკუთრებით ცივ სეზიონზე. მერე ჩამოვედით, ვიქირავეთ ბინა და მეც მუშაობა დავიწყე. მძიმე სამუშაო მქონდა, ელიავაზე გათბობის მაღაზიაში, მერე – მშენებლობაზე. ფიზიკურად ძალიან მიჭირდა, მაგრამ ძალიან ვცდილობდი, ოჯახისთვის არაფერი მომეკლო. ზაფხულის პერიოდში სოფელში ვიყავით, ზამთარში კი ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავლახეთ ის პერიოდი. ახლაც ქირით ვართ. თბილისში ბინა ახლაც არ მაქვს და ვერც სამსახური ვიშოვე. მცხეთის დრამატულ თეატრში ვარ, მინიმალური, მაგრამ ხელფასი მაქვს, ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ კიდევ ვეძებ სამსახურს, მინდა, დამატებით ვიმუშაო. კი მინდა, სახლის ყიდვა, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ მაქვს.
თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ორბეთში მაქვს მიწა, 2 500 კვადრატული მეტრი, რომლის გაყიდვაც მინდა და მერე ვიფიქრებ ყიდვაზე. ძალიან კარგი მიწის ნაკვეთია, თბილისთან ახლოს, ოცი წუთის სავალზე, საუცხოო ხედებითა და ადგილმდებარეობით. ვინც იყიდის და სახლს ააშენებს, ქალაქთან ახლოს სასწაულო აგარაკი ექნება. არ გავყიდიდი, კი მენანება გაყიდვა, მაგრამ სხვა გაზა არ მაქვს."
– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული რომ გახდი, ბინა ხომ გაჩუქეს?
– "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კი მოვიგე ბინა, მაგრამ ბაკურიანშია. იქ ვერ ვიცხოვრებ, თუმცა ძალიან საყვარელი ბინაა და სეზონურად ვაქირავებ."
– არ გიფიქრია, ის ბინა გაგეყიდა და თბილისში გეყიდა?
– "არა! განა არ შემიძლია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავყიდი. ეს სახლი მოგებულია, უბრალოდ ნაჩუქარი რომ იყოს, შეიძლებოდა გამეყიდა. ხალხმა, თავად მოიკლო და ესემესები მე მიგზავნა, მათი დახმარებით გავიმარჯვე, ბინა მოვიგე და ამას ვერანაირად ვერ გავყიდი. ჯვარი მეწეროს და რა უნდა გამიჭირდეს ისეთი, ხალხის გვერდით დგომით, მათი სიყვარულით ნაჩუქარი ბინა გავყიდო. ეს ბინა ჩემთვის შეუფასებელია."
– გულახდილად მიპასუხე, ბავშვობაში როგორი გეგონა ცხოვრება და რომ გაიზარდე, რას შეეჩეხე?
– "განსაკუთრებით ვიცოდი, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ არ არის რთული, თუ მას შენ თავად გაიმარტივებ. მე ცხოვრებას, პირველ რიგში, ჩემი თავი მიმარტივებს და მერე – ოჯახი. სანამ ოჯახს შევქმნიდი, საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. მეგონა, ამ ცხოვრებაში აღარაფერი ხდებოდა საინტერესო. დეპრესია და ჩაკეტვა არ მქონია, მაგრამ სულ ქუჩაში ვიყავი და სწორედ ამ დროს შევხვდი ჩემს მეუღლეს, რომელიც დამეხმარა და ქუჩის ცხოვრებას ამარიდა. ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება კალაპოტში ჩააყენა, სწორი მიმართულება დამანახვა და მომავლის იმედი მომცა. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ზუსტად მიხვდა, რა მჭირდებოდა, რომ არ დავღუპულიყავი და გზას არ ავცდენოდი. ადამიანისთვის ყველა წამი ბედნიერი უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან, ერთი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაც კი ბედნიერებაა. უბედური ადამიანი არ არსებობს, ყველა თავის თავს იუბედურებს. დღეს ჩემი ყოველი დილა სიხარულით თენდება. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ბარიერებისა და წინაღობებისა, მადლობა ღმერთს, მაინც გამიმართლა, მაინც ბედნიერი ვარ, იღბლიანი ბიჭი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერებაა, როცა სახლიდან ქუჩაში გადიხარ და უცნობი, გაღიმებული ადამიანი გხვდება, რომელსაც უყვარხარ, გეფერება, წარმატებას გისურვებს.