"ბუდუ ზივზივაძეზე მინდა დავწერო, ერთ დროს ერთად ვთამაშობდით ახალგაზრდულ ნაკრებში და ყველაზე თავმდაბალი, ჩუმი, უკონფლიქტო ადამიანი იყო" - რას წერს კოტე ზარნაძე
თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" კონსტანტინე ზარნაძე, რომელიც კახა კალაძის ახლო მეგობარია და "ოცნებაში" მის კადრად მოიაზრება, სოცქსელში ბუდუ ზივზივაძის შესახებ წერს:
"ბუდუ ზივზივაძეზე მინდა დავწერო. ერთ დროს ერთად მოგვიწია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, მასზე ბევრი არაფერი მახსოვს, იმიტომ, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი, ჩუმი, უკონფლიქტო ადამიანი, მით უფრო ერთი წლით დიდებში უწევდა თამაში, მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, არ მგონია შემდეგ მასში რადიკალურად რამე შეცვლილიყო, უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ, ვინც მის უთამაშებლობას პოლიტიკას უკავშირებით, დამერწმუნეთ, იმაზე ცუდს ვერაფერს გაუკეთებთ, რასაც უკეთებთ.
ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, კარგად იცის, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის, ფეხბურთია გასახდელი, ვარჯიში, ფიზ-მომზადება, სასტუმრო, ჭამა, წონა და უამრავი რამ. მოდით ახლა სიმართლე ვთქვათ, ფაქტის კონსტატაცია მოვახდინოთ - ქართული ფეხბურთი ისეთი ცოცხალი არასდროს ყოფილა როგორც ახლა, და ეს ყველაფერი ფედერაციის, სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩამოთვლილთაგან ვინმეს კრიტიკას თუ გაბედავთ, უბრალოდ პროცესს იყენებთ და მეტი არაფერი, არაფერი კეთილშობილური მიზანი თქვენ არ გამოძრავებთ" - წერს ზარნაძე.