„ყურადღება, თუ აშშ-ში აპირებთ წასვლას: ეს ცვლილება პირადად თქვენ შეგეხებათ!“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ.
2 აპრილის შემდეგ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებზეც ეს მოთხოვნა ვრცელდება, 50-ს მიაღწევს. სავიზო დეპოზიტის ერთწლიანი საპილოტე პროგრამა ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს შემოიღო ვიზის ვადის გადაცილებასთან ბრძოლისა და უკანონო მიგრაციის შეზღუდვის მიზნით. საპოლოტე პროგრამის გაგრძელება დაანონსებულია 2026 წლის 5 აგვისტომდე.
პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ გირაო 5 000, 10 000 ან 15,000 დოლარის ოდენობით, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებსა და იმ საკონსულო ოფიცრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც განაცხადს განიხილავს. ამასთან, საკონსულო ოფიცერი გასცემს ვიზას, რომელიც ძალაშია ერთჯერადი შესვლისთვის, ვიზის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში.
ვიზის მოქმედების ეს შეზღუდული პერიოდი განსაზღვრულია იმის ალბათობის გასაზრდელად, რომ მოგზაურობა, გარანტიის პირობების მიუხედავად, დასრულდეს საპილოტე პროგრამიდან მონაცემების შეგროვებისთვის ხელსაყრელ ვადებში.
გირაოს დაცვისთვის საჭიროა შეერთებულ შტატებში ჩასვლა და გამგზავრება მხოლოდ საჰაერო გზით, ამ საპილოტე პროგრამის დროს გამოსაყენებლად წინასწარ შერჩეული ერთ-ერთი აეროპორტიდან. შერჩეული აეროპორტები გამოცხადდება www.travel.state.gov-ზე, გირაოების ამოქმედებამდე 15 დღით ადრე და შეიძლება შეიცვალოს მონაცვლეობით.
გირაოს თანხა დაუბრუნდებათ იმ პირებს, რომლებიც სამშობლოში ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით დაბრუნდებიან, ან აშშ-ში საერთოდ არ გაემგზავრებიან.
სავიზო გირაოს პროგრამაში ჩართული ახალი ქვეყნებია: კამბოჯა, ეთიოპია, საქართველო, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.
ეს ქვეყნები უერთდებიან იმ 38 სახელმწიფოს, რომლებიც უკვე არიან პროგრამაში: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.



