არის ორი ეპისკოპოსი, რომლებიც 60 წელზე მეტის არიან და შეუძლიათ პატრიარქობის ტვირთი აიღონ – რას ამბობს მთავარეპისკოპოსი ზენონი შესაძლო კანდიდატებზე?
მთავარეპისკოპოსმა ზენონმა პატრიარქობის კანდიდატებზე და მისი პირად დამოკიდებულებაზე ისაუბრა:
„როცა [ილია მეორემ] ეპისკოპოსობა შემომთავაზა, მე ორჯერ უარი ვუთხარი […] მე ეგენი [პატრიარქობა] არ მაინტერესებს, მე ვარ უფრო იდეური ადამიანი. მე ამ მაიმუნობებთან რა საქმე მაქვს… ინტრიგებთან, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება. არასდროს მე პირველი პირობის სურვილი არც გამჩენია, არც მექნება… გარდა ჩემი აზრისა, პატრიარქსაც სურვილი ჰქონდა, საუბარი როცა იყო… არის ასეთი ეპისკოპოსები, ჰყავს პატრიარქს, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი აიღოს, თუ ისინი ამას შეძლებენ. თუ ღმერთი ამას ინებებს და მას მისცემს ამ ჯვარს და ამ ტვირთს, გაიგებთ და იტყვით, რომ რა სწორი იყოო. […]
მეუფე შიო [ამ ორ ეპოსკოპოსს შორის არაა]… იცით ის როგორი კარგი ადამიანია. ყველა ჩვენ თავისებური ადამიანები ვართ, ფაქიზი შინაგანი სამყაროც აქვს რა და მე თვითონ არ მსიამოვნებს, რომ რაღაც ვთქვა, ვატკინო ადამიანს. ან ჯერ რატომ უნდა ვატკინო? ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს მთელი ეს მასშტაბი უნდა გავიაზროთ, სად ვართ, რა პრობლემები გვაქვს? რა გვჭირდება ხვალისთვის? რა ხდება ეკლესიაში? ეკლესიაში სერიოზული პრობლემებია. მსოფლმხედველობრივი პრობლემებია სერიოზული, რომელიც წმინდად პოლიტიკურია. შეიძლება მათ არ უნდოდეთ, მაგრამ ეს უკავშირდება ამას.
პირადად ჩემი მოსაზრება და მისწრაფება არის, რომ ეკლესია არ იყოს პოლიტიზირებული. შენ პოლიტიკოსთან ყოველთვის გექნება ურთიერთობა. შენ უნდა იყო ქრისტეს ეკლესია და მოქმედებდე ქრისტიანული ეკლესიის შენი დოქტრინითა და შენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. მყარი უნდა იყო და მტკიცე, მაგრამ ურთიერთობა უნდა შეგეძლოს, დიპლომატი უნდა იყო.
პატრიარქსაც არ ჰქონდა, რომ აი, ვიღაცას დაპირისპირებოდა, სულ აბალანსებდა. ჩვენ ასეთი ცხოვრება გვაქვს, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს [პატრიარქობა] ძალიან დიდი ტვირთია. თუ თვითონ მას [მოსაყდრე შიოს] უნდა [პატრიარქობა] და შეძლებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, კაცო. მაგრამ მან უნდა ეს შეძლოს. სინოდმა უნდა უთხრას, რომ შენ ეს შეგიძლია” – თქვა “ფორმულას” ეთერში ზენონ იარაჯულმა



