აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს
აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ქათმის საკვების მოსამზადებლად ისინი ელექტროენერგიას ინტენსიურად იყენებენ, მნიშვნელოვანია საწვავიც, რადგან დისტრიბუციას თავად ფაბრიკები აკეთებენ, შესაბამისად გაძვირება მოსალოდნელია. ამასთან, ზურაბ უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან გაჭირდა და რახან გაჭირდა, შესაბამისად, გაძვირდა კიდეც ქვეყანაში სიმინდის შემოტანა.
ტარიფების ზრდა, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენზეც. ელექტროენერგიას მნიშვნელოვნად მოვიხმართ. მოგეხსენებათ, ქათამს სჭირდება საკვები, რომელის მომზადებაც ადგილზე ხდება. ძირითადად, ეს მოიცავს ხორბლის, სიმინდისა და მარცვლეულის დაფქვას. ჩვენი მხრიდან ელექტროენერგიის გამოყენება საკმაოდ ინტენსიურია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფასში ისახება.
ჯერ ზუსტი დათვლები არ გაგვიკეთებია. მხოლოდ ელექტროენერგიის ფაქტორი არ მუშაობს, ხედავთ, საწვავიც როგორ გაძვირდა. ერთიანად მოხდება ამ ხარჯების დათვლა. პირობა გვაქვს მიცემული, რომ ფასს აღდგომის ჩათვლით არ გავზრდით. ჩვეულებრივ, როგორც იყო დაგეგმილი, აქციებიც გაგრძელდება.
აღნიშნულ საკითხზე სწორედ აღდგომის შემდეგ ვიმსჯელებთ. ჩვენთვის საწვავიც მნიშვნელოვანია, რადგან დისტრიბუციას თავად ფაბრიკები ვაკეთებთ. შესაბამისად, ცალ-ცალკე დათვლას, ყველაფრის ერთიანად დათვლა მოგვიწევს.
"თუ ასე გაგრძელდა, ფასის ზრდა 5%-ზე მეტითაც მოგვიწევს"
ვნახოთ, შევხედოთ მოცემულობას. თუმცა, გაძვირება ნამდვილად მოსალოდნელია. ხედავთ, რამდენით მოიმატა საწვავისა და დისტრიბუციის ხარჯებმა. საკმაოდ სერიოზულია ელექტროენერგიის ფასის მატებასაც. ამასთან, ძალიან გაჭირდა და რახან გაჭირდა, შესაბამისად, გაძვირდა კიდეც ქვეყანაში სიმინდის შემოტანა. ისე მიდის საქმე, რომ თვითღირებულების შემადგენელი ყველა კომპონენტების გაძვირება ხდება," - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
გამოცემის კითხვის მოხდება თუ არა კვერცხზე ფასის ზრდა თებერვალში გაიაფებულ 5%-ზე მეტად, საპასუხოდ, მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაძლოა, უფრო მეტით ზრდაც გახდეს საჭირო.
თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, მგონი, ცოტა უფრო მეტითაც მოგვიწევს. არავის არ უნდა ფასის მატება, მაგრამ გააჩნია, რა მოცემულობა დაგვიდგება. რა ფასები იქნება მარცვლეულზე და როგორი იქნება საწვავის ღირებულება. ელექტროენერგიის ტარიფი კი ვიცით, რომ არ შეიცვლება. შესაბამისად, წინასწარ ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია," - თქვა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
[ფოტო: bpn.ge]



