"ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავრჩი და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო..." - რას წერს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე
ჩვენი საზოგადოება შეძრა 2025 წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, მისი მეუღლე ლიკა კუჭუხიძე კი დიდი ხნის განმავლობაში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. გოგონამ თვეები გაატარა რეანიმაციაში, გადაიტანა უმძიმესი ოპერაციები და ხელოვნური კომა. ყველაზე დიდი დარტყმა კი გამოფხიზლების შემდეგ ელოდა - მას შემდეგ, რაც ფიზიკური ტკივილები შეუმსუბუქდა, ოჯახმა უმძიმესი სიმართლე გაუმხილა: მისი საყვარელი მეუღლე აღარ იყო.
დღეს ლიკა ფეხზე დგას, იბრძვის და საკუთარ თავში პოულობს ძალას, რომ ცხოვრება გააგრძელოს. ცოტა ხნის წინ ის ნოე სულაბერიძის გადაცემას ეწვია, სადაც გულახდილად ისაუბრა იმ ჯოჯოხეთზე, რაც გამოიარა. თუმცა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ინტერვიუს არა მხოლოდ თანაგრძნობა, არამედ უადგილო კომენტარებიც მოჰყვა მის შეცვლილ გარეგნობასთან დაკავშირებით.
ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც კრიტიკოსებს პასუხობს:
"ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი ბრძოლა იყო. ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ჩემი თავის დაძლევა, ჩემი ტკივილების წინაშე დადგომა და მაინც საუბარი, მაგრამ მე ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით, მსგავს კომენტარებს დამიწერდით და პირადშიც მომწერდით: "ვაიმე, სახელი და გვარი რომ არ წამეკითხა, ვერც ვიცნობდი ამ გოგოს“; "ვაიმე, ეს ის გოგოა, როგორ შეცვლილა“; "ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია“; "ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა?“; "ვაიმე, როგორი შესივებული აქვს სახე“.
ვიცი, რომ ამ კომენტარებს ცუდი მიზნით არ მიწერთ და ვიცი, რომ გული შეგტკივათ ჩემ ტრაგედიაზე, მაგრამ მე რომ საკმარისზე მეტი ძალა არ მქონდეს, ალბათ ამ კომენტარების და პირადში მოწერის გამო თუ როგორი დაბერებული და შეცვლილი ვარ, ალბათ მთელი ცხოვრება სახლში ჩავიკეტებოდი. საერთოდ, როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ და მყარად ვდგავარ ფეხზე, იმ ყველაფრის მერე, რაც მე გადავიტანე? - თმა კიდე ჩემი ნებით არ შემიჭრია, გადამპარსეს როცა სიკვდილს ვებრძოდი და თავში იმპლანტი ჩამიდგეს, რომ გაეკონტროლებინათ ყველაფერი, და ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატომ არ გიკვირთ?
მე 2 თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული და ჩემი პატარა, უშნო მოძრაობის გამო შეიძლება ხერხემლის ძვლის ტვინი დაზიანებულიყო, რის შედეგად დღეს ხეიბარი ვიქნებოდი. ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავურჩი ამ ყველაფერს, და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? თქვენ არ იყავით ჩემს გადარჩენაზე რომ ლოცულობდით? რა გეგონათ, ისევ იმ გარეგნობის ლიკა დაგხვდებოდათ?
რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ? მაგას ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ, და უბრალოდ გაატაროთ პოსტი.
კიდევ გავიმეორებ რომ ჩემთვის ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ ადამიანები როგორც კარგ კომენტარებს ასევე ცუდ კომენტარებსაც დაწერდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გარეგნობაზე გაამახვილებდით ყურადღებას.
მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა თქვენ ვინც ჩემზე ლოცულობდით. მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო, და მასაც ებრძოლა ჩემსავით. ისიც შეცვლილი ყოფილიყო, არ ჰქონოდა ფეხი არ ჰქონოდა ხელი, მაგრამ ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ოღონდ ყოფილიყო ესუნთქა და ეცხოვრა ჩვენთან ერთად“ - წერს ლიკა.




