"დედა, შენი არ მრცხვენია... მამაჩემი უფროა პასუხისმგებელი" - 5-წლიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ქართველი მშობლები და კვიპროსელი სტუდენტის ისტორიის ემოციური ფინალი
22 წლის პანაგიოტის სორუკლეს ისტორია, რომელიც კვიპროსზე, მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა, ქართული სამშობიაროების სკანდალური წარსულის კიდევ ერთი ცოცხალი მოწმობაა. ხუთწლიანი რთული, იმედგაცრუებებითა და კითხვებით სავსე ძიება დასრულებულია: ბიჭმა, რომლის საბუთებიც დაბადებისთანავე გაყალბდა, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. თუმცა, სიმართლე, რომელიც მან აღმოაჩინა, არ არის მხოლოდ გაყიდული შვილის ისტორია - ეს არის ამბავი უკიდურეს გაჭირვებაზე, იძულებაზე და შვილზე, რომელმაც შეძლო, საკუთარი მშობლებისთვის ყველაფერი ეპატიებინა.
პანაგიოტისი სოციალურ ქსელში თავისი ისტორიის რეალურ ამბავს ჰყვება:
"ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემასთან დაკავშირებით.
ამ პოსტს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - საბოლოო შედეგები გაგაცნოთ ჩემს შვილად აყვანასთან დაკავშირებით. ჩემი შვილად აყვანა თავიდანვე უკანონოდ მოხდა, უბრალოდ გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით.
გთხოვთ, სანამ ჩემი ოჯახის შესახებ ცუდ კომენტარებს დაწერთ, სრულად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ეცადეთ, მათ ადგილზე წარმოიდგინოთ თავი.
ჩემი დედა არის აზა ბაძაღუა. ის წარმოშობით გალის რაიონიდან, სოფელ ნაბაკევიდან არის. მამაჩემი ჯამბულ ცხომარიაა, წარმოშობით სენაკიდან და ჩხოროწყუდან. ვფიქრობ, მამის მხარესაც არსებობს შვილად აყვანის ისტორია და ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიჭინავას ოჯახთან და ჩხოროწყუს ლესიჭინის ტერიტორიასთან. ორივე ჩემი ბიოლოგიური მშობელი დღეს სენაკში ცხოვრობს.



