ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია”.
გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.
აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ
მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.
დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.
გამოძიებით ასევე, დგინდება რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.




