ირმა სოხაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
მომღერალი ირმა სოხაძე, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება, რომელმაც ციხიდან ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც ის წერდა, რომ ირმა სოხაძის მეუღლე, რეზო ასათიანი, "საბჭოთა რეჟიმის დროსაც კარგად იყო მოწყობილი, ფული არ აკლდა. ხოლო 90-იან წლებში ის გახდა კონტროლის პალატის სუპერ-კორუმპირებული თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მოადგილე და მისი მოლარე, რომლის ფუნქცია იყო ბიზნესებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან ყოველთვიური წილის აკრეფა.ხოდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და ეს სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს. სოხაძე ჩემი ოჯახის წევრის ახლო მეგობარი იყო და ეს ოჯახის წევრი მომიგზავნა. მე კი ძალიან მიყვარდა ჩემი ნათესავი, მაგრამ გამოძიებაში ჩარევა ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო, ვინაიდან ჩემ დროს ნათესაობ-ახლობლობა - ე.ი. ქართული ჯიგრული პონტი საერთოდ არ ჭრიდა, მითუმეტეს იქ სადაც ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა საქმე."
მუსიკოსი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
"ამ ტექსტს ვაქვეყნებ მხოლოდ თქვენთვის, საზოგადოებისთვის. და არა სააკაშვილის პასუხად. საჯაროობა მკაფიობას ითხოვს და უბრალოდ მინდა ვითარება განიმარტოს. მის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ვარდების რევოლუციის შემდეგ არც ჩემი მეუღლე დაუკავებიათ და არც სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ჩემი ურყევად უარყოფითი მიმართებაა განპირობებული პირადი ან ოჯახური გამოცდილებით. და ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია!
ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, ვერც დასკვნები გამოიტანეს. კვლავ ირწმუნებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის "პირადი ინტერესი" ამოძრავებთ! და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ! რთულ დროში ვცხოვრობთ და ახლა სხვა რეალობასთან გვიწევს ბრძოლა. მე ამ ახალი რეალობის მიუღებლობამ პირადი თუ კარიერული ინტერესების დათმობისკენაც მიბიძგა - ექსპრეზიდენტი ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ღირებულებები უმნიშვნელოვანესია. მჯერა, ისტორია ყველაფერს სწორ სახელს დაარქმევს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის - ამით ეს თემა ჩემი მხრიდან დახურულია," - წერს ირმა სოხაძე.



