„დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა… ზურგიდან, ვირთხულად, არაკაცებმა სცადეს ჩემი მოკვლა“ – ნატა ვიბლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს
„დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა“, – ამის შესახებ ემიგრაციაში მყოფმა ნატა ვიბლიანმა სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ფეისბუკზე“ გავრცელებულ მიმართვაში ვიბლიანი ამბობს, რომ ამ ყველაფერს თვითმხილველიც ჰყავს. მისი თქმით, „ზურგიდან, ვირთხულად, არაკაცებმა სცადეს მისი მოკვლა“:
„განერვიულებული ვარ, ექიმთან ვიზიტი მქონდა, ავად ვიყავი რამდენიმე დღე. დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა, თან მოწმე ჰყავს ამ საქმეს. ზურგიდან, ვირთხულად, არაკაცებმა სცადეს ჩემი მოკვლა. სანამ ცოცხალი ვიქნები, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება, როგორც დღეს, ერთი ქალბატონი ღმერთივით გამომიჩნდა, ზუსტად ასე მეყოლება სულ ღმერთივით ვიღაცა, ვიღაცის და რაღაცის სახით და სულ გავიგებ, რომ უკან დგახართ. თქვენ რომ ვაჟკაცები იყოთ და კაცობა გქონდეთ, პირდაპირ დამიდგებით, თვალებში ჩამხედავთ და მეტყოდით, რომ „ნატა, შენ ის გაბედე, რაც სვანეთში არცერთ ქალს არ გაუბედია და მაგიტომ უნდა მოკვდე“. იმისიც გეშინიათ, რომ ციხეში მოხვდეთ და ვირთხებივით ზურგს უკან… დღეს იდგა ჩემს ზურგს უკან ჩემი ნაცნობი და შეამჩნია ერთმა ქალბატონმა, რომ ძალიან გიყურებსო და მერე დაურეკეს, ვიდეოებს, სურათებს გვიღებდნენ. სანამ ცოცხალი ვიქნები, სულ ჩემს ზურგს უკან იდგებით, სულ იმის მცდელობა გექნებათ, რომ მე მომკლათ, მაგრამ ვერ მომკლავთ, მე მიცავს ორი ვაჟკაცი, ასტემირი და გოჩა და ღმერთი…“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ნატა ვიბლიანი.



