“სამწუხაროდ უნდა ვთქვა…საგანგაშო მდგომარეობაა…” – ექიმი ქეთი ასათიანი საგანგებო განცხადებას აკეთებს
ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი “იმედის დღის” ეთერში საუბრობს, რა გავლენას ახდენს TikTok-ის რეგულარული მოხმარება ადამიანების ჯანმრთელობაზე და რატომაა ეს განსაკუთრებით საფრთხილო ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში.
გთავაზობთ ინტერვიუს:
– სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე დამკვიდრდა ისეთი ტერმინი, როგორიცააTikTok ტვინი. ეს იმ მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც აღნიშნულ პლატფორმას განუწყვეტლივ იყენებს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველი მოზარდების, ბავშვების თავის ტვინის განვითარების თვალსაზრისითაა. შესაბამისად, შედეგი მით უფრო რთული და მძიმეა, რაც უფრო ხშირ მოხმარებაზეა საუბარი. ფაქტობრივად, ეს თაობა დროსა და სივრცეში ვერ ერკვევა. აბსოლუტურად უკონტროლო პროცესთან და ქცევასთან გვაქვს საქმე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ TikTok მოკლე ვიდეოების მოწოდების უშრეტი წყაროა და შესაბამისად, გამოვლინდა, რომ სწორედ ეს ახდენს ძალიან ცუდ გავლენას როგორც მეხსიერების უნარზე, ასევე ყურადღებასა და კონცენტრაციაზე. დამკვიდრდა კიდევ ერთი ტერმინი – TikTok-ის პრობლემური მომხმარებლები. TikTok -ის პრობლემური მომხმარებლები საკუთარ ქცევას ვეღარ აკონტროლებენ. ქცევა აბსოლუტურად შეცვლილია. ამასთანავე, ვიცით, რომ ადამიანები ძირითადად, 21-დან 34 წამამდე ვიდეოებს უყურებენ. შესაბამისად, რეგულარული მომხმარებლები, ფაქტობრივად, საათებს ხარჯავენ. სხვადასხვა გამოკვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ რეგულარულ მომხმარებლებს აბსოლუტურად შეცვლილი აღქმის, კონცენტრაციის, დასწავლის უნარი აქვთ. რაკი ეს ახალგაზრდა თაობას ეხება, საშინაო დავალების მომზადებაზე, წიგნის კითხვის პრობლემაზეცაა საუბარი. საკმაოდ საგანგაშო ჩამონათვალია. გარდა ამისა, უჭირთ შედარებით ხანგრძლივი ვიდეოების ყურება და აღნიშნავენ, რომ დიდი ფორმატის ვიდეოების ნახვა სტრესულია. 2022 წელს, TikTok-ის მარკეტოლოგებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ვიდეოების ხანგრძლივობა ცოტა გაეზარდათ. მაგალითად, თავიანთ ერთგულ მომხმარებელს 10-წუთიანი ვიდეორგოლი შესთავაზეს. ახალგაზრდები 10-წუთიანი ვიდეორგოლებით ვერ მოიხიბლნენ და ისინი ჯიუტად, პატარა, ხანმოკლე ვიდეოების ერთგულად დარჩნენ. თავად გამოკითხულებიც აღნიშნავენ იმას, რომ მათ აქვთ უშრეტი სურვილი, სულ ახალ-ახალ ვიდეოებს უყურონ.
რატომ არის ეს საგანგაშო?
– იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულებას იწვევს. ადიქციის ერთ-ერთი ტიპია. როდესაც ადიქციაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი საინტერესო ტერმინი – ადიქციური დიზაინი ჩნდება. მინიმალური ძალისხმევით, მხოლოდ ცერა თითის დასმით უშრეტი, ულევი ინფორმაციის კასკადია წაროდგენილი, რომელიც ყურადღების დიაპაზონს, კონცენტრაციას აბსოლუტურად არღვევს და აქვეითებს. განსაკუთრებით, მოზარდებზეა საუბარი. ასეთი დიზაინით მოიხიბლა არა მარტო TikTok აპლიკაცია, არამედ Instagram, Facebook. მათაც თანდათან ეს მოდელი აითვისეს და ყველგან ასეთი ხანმოკლე ვიდეოები გაჩნდა. მათთვის, ვინც ხანმოკლე, პატარ-პატარა ვიდეოების ყურებას არიან მიჩვეულები, სხვა პლატფორმები გაცილებით მოსაწყენია, იმიტომ, რომ ისინი TikTok-ის ჩქარ ტემპს არიან მიჩვეულები. როდესაც TikTok-ის მიმდევართა მონაცემები გამოიკვლიეს, მათთან დოფამინის გამომუშავება, ფაქტობრივად, უტოლდებოდა მდგომარეობას, როცა ადამიანი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. ასევე, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შუბლის წილის ატროფიაც კი დადასტურდა იმ ბავშვებთან, რომლებიც სულ მცირე 4 საათს ატარებენ TikTok-ზე. კოლუმბიის უნივერსიტეტის ეროვნულმა ცენტრმა საკმაოდ საგანგაშო მონაცემები გამოაქვეყნა. იმ მოზარდებთან, რომლებიც ყოველდღიურად სოციალურ ქსელებს იყენებენ, 3-ჯერ მეტია ალბათობა, რომ ალკოჰოლის უკონტროლო, ჭარბი მოხმარება დაიწყონ. 2-ჯერ უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ისინი დაეწაფონ მარიხუანას და 5-ჯერ უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ისინი გახდნენ თამბაქოს მომხმარებლები. ეს არის იმ მოზარდებთან შედარება, რომლებიც აღნიშნული პლატფორმით არ არიან დაკავებულნი, ან კიდევ ძალიან დოზირებულად მიმართავენ. კოლუმბიის უნივერსიტეტის ადიქციისა და ნივთიერებაზე დამოკიდებულების ცენტრის დამაარსებელი და თავმჯდომარე ამბობს: “წლევანდელმა შედეგებმა მშობლებს შიში უნდა გაუჩინოს. ციფრული ძალადობის ფორმად უნდა განიხილებოდეს, როდესაც მშობელი მცირე ასაკიდანვე ხელში უგდებს ბავშვს მოწყობილობას, რომელიც მისთვის ასეთი დიდი რისკის შემცველია.” სამწუხაროდ, ისეა, რომ 12-დან 17 წლამდე მოზარდთა 70% ამ მავნე ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული.
წყარო: mix. metronome. ge