აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულები მიიღეს: "ამ შეგრძნებას არაფერი შეედრება"

08-08-2024
184
Aa

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ქულა გამოაქვეყნა და ამ საგნის შედეგებით დაიწყო წლევანდელი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება.

ტრადიციულად, გაგაცნობთ რამდენიმე აბიტურიენტს, რომლებმაც უმაღლესი შეფასების მიღება შეძლეს და ვთხოვთ მათ გამოცდილების გაზიარებას მომავალი წლის აბიტურიენტებისთვის:


ნათია ჯალიაშვილმა სიღნაღის რაიონის წნორის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება - 60 ქულა დაიმსახურა. ის გვიყვება, თუ რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში:

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მასწავლებელი ძალიან დამეხმარა და მის გარეშე, ამხელა შედეგს ვერ მივაღწევდი. მეც, რა თქმა უნდა, მივყევი და ბევრი ვიმუშავე. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ყოველთვის მიყვარდა. თემებში, ანალიზისა და პარალელების მოყვანის დროსაც სწორედ ეს მეხმარებოდა, რომ არგუმენტები სწორად ჩამომეყალიბებინა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თემის სტრუქტურა შესაბამისად ავაწყოთ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თემას ყველაზე მაღალი ქულა ენიჭება, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. შინაგანად საკმაოდ მოტივირებული ვიყავი, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა და ჩემს ოჯახთან, ახლობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, საკუთარი თავიც გამეხარებინა. სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვაპირებ, ამჟამად პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს მითითებული.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ იმიტომ, რომ გამოცდები იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასევე, იკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა, გაეცნონ საინტერესო ფილმებს, რადგან ეს, გარდა ზოგადი განათლებისა, მომავალში თემების კარგად დაწერაში განსაკუთრებით გამოადგებათ.


ნატალია ბეღელურმა 182-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას პროგრამირების მიმართულებით აპირებს. მანაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულა მიიღო და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

- აბიტურიენტობის დროსაც და იქამდეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი წავიკითხოთ და სხვადასხვა ლიტერატურას გავეცნოთ. ლიტერატურის სიყვარული განსაკუთრებით დამეხმარა. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ჩემი მასწავლებლის როლი ძალიან დიდია. ერთად ბევრი ვიშრომეთ, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო. შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა მნიშვნელოვანია, რომ მთელი წლის განმავლობაში ის დავალებები, რასაც მასწავლებელი გვაძლევს, თანმიმდევრულად შევასრულოთ. ასევე, გამოცდაზე სიმშვიდე აუცილებელია იმისათვის, რომ ნერვიულობის ფონზე, ქულები არ დავკარგოთ. ჩემი ოჯახი, მეგობრები განსაკუთრებით მეხმარებოდნენ, მამხნევებდნენ და მოტივაცია მაძლევდნენ.

მომავალ აბიტურიენტებს კი ვურჩევდი, რომ ბევრი წაიკითხონ, იმუშაონ, მიჰყვნენ მასწავლებელს და გამოცდაზე არ ინერვიულონ.


თათია შარმანაშვილმა 52-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას მედიცინის მიმართულებით აპირებს. ამბობს, რომ მაქსიმალური შეფასების მიღებაში შრომისმოყვარეობა და მონდომება განსაკუთრებით დაეხმარა:

- ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ამ წარმატებისათვის მიმეღწია. ვკითხულობდი სხვადასხვა ლიტერატურას. ძალიან ბევრ თემას ვწერდი, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამეუმჯობესებინა. თავისუფალ დროს ვუყურებდი ფილმებსაც, რაც ვფიქრობ, ასევე დამეხმარა. თუმცა, ამ შედეგის მიღწევაში ჩემს მასწავლებელს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მის გარეშე, ნამდვილად გამიჭირდებოდა. მაქსიმალისტი ვარ და მგონია, შრომისმოყვარეობამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ თავი არ დაზოგონ, ბევრი იშრომონ და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევენ. წარმატებებს ვუსურვებ, ყველას.

ანანო შერგელაშვილმა კერძო სკოლა "ანაბასისი" დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას მათემატიკის მიმართულებით გეგმავს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო და საკუთარ გამოცდილებას მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:

- პირველ რიგში, ჩემს მასწავლებელს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი. ჩემთვის, მასთან ერთად გატარებული თითოეული გაკვეთილი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის თვალსაზრისით, არამედ ზოგადადაც. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება სამომავლოდ აუცილებლად გამომადგება. ვფიქრობ, შრომისმოყვარეობა, ბევრი სხვადასხვა ნაწარმოების გაცნობა სასურველი შედეგის მიღწევაში დამეხმარა. ჩემს ოჯახს, მეგობრებსაც, რა თქმა უნდა, მადლობას გადავუხდი. აბიტურიენტობა ხშირად ნერვიულობასთან და დაღლილობასთან ასოცირდება. ამიტომ, მათი გამხნევება განსაკუთრებით მეხმარებოდა.

მომავალ აბიტურიენტებს კი ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ, რადგან იმ შეგრძნებას, რომელიც გვეუფლება მაშინ, როცა სასურველ შედეგს მივიღებთ, არაფერი შეედრება. კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები