ვინ არის ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც უფასოდ ამეცადინებს იმ აბიტურიენტებს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს: “წელს საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდათ გამოცდებზე”
მარიამ ჯომიდავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტია. სწავლის პარალელურად მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ამზადებს, თავისუფალ დროს კი უყვარს მუსიკის მოსმენა, წიგნების კითხვა, წერა და ფილმების ყურება. ჩვენი ყურადღება მარიამის ინიციატვიამ მიიქცია. იმ აბიტურიენტებს, ვისაც წინასაგამოცდოდ რეპეტიტორთან მომზადების შესაძლებლობა არ აქვს, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ინგლისურ ენაში მომზადებას.
– აბიტურიენტების მომზადება არც ისე დიდი ხანია დავიწყე, თუმცა ამ მოკლე დროში შევძელი, რომ მყავდეს წარმატებული მოსწავლეები. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩემი მოსწავლეები თავს გრძნობდნენ კომფორტულად და რაც მთავარია, ჰქონდეთ სწავლის მოტივაცია. ვიყენებ აქტიური სწავლების მეთოდებს, ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიას და ყველა ტიპის ონლაინ რესურსს, რათა სწავლება არ იყოს მოსაწყენი პროცესი. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, უმთავრესია ჩემი მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა სწავლის ყველა ეტაპზე.
– წლევანდელი გამოცდებით და მიღებული შედეგებით კმაყოფილი ხართ?
წლევანდელი გამოცდებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემმა მოსწავლეებმა მოლოდინს გადააჭარბეს, ერთ-ერთმა მაქსიმალური ქულა მიიღო ინგლისურ ენაში და ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი მომენტი…
რა თქმა უნდა, ყველა გამოცდა გარკვეულ სირთულესთან ასოცირდება, თუმცა შესაბამისი შემზადებით იკლებს სტრესის დონე. მათთვის სირთულეებთან გამკლავება გამოწვევაა და წინასაგამოცდო სტრესიც ნაკლებად ახდენს გავლენას მათ შედეგებზე.
– როგორც პედაგოგი, რას ურჩევდით მომავალ აბიტურიენტებს, რას მიაქციონ ყურადღება, რა საკითზე იმუშაონ ყველაზე მეტად, რა დრო დაუთმონ სწავლას, რა უნარები გამოიმუშაონ სასურველი შედეგის მისაღებად?
– მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, შრომა ყოველთვის დაფასდება. სწავლას დაუთმონ საჭიროზე მეტი დრო, მოუსმინონ პოდკასტებს, წაიკითონ წიგნები, ნახონ ფილმები ინგლისურად, რათა გაიუმჯობესონ მოსმენის უნარები, ეს კავშირშია ენის ათვისებასთან და არა სწავლასთან. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია იყო მოტივირებული და გქონდეს მიზანი, რომლის მისაღწევადაც უკან არ დაიხევ. განათლება უმთავრესია და გაიზრონ აკაკის სიტყვები “მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა”.
– იმ მოსწავლეებს, ვისაც რეპეტიტორთან მომზადების საშუალება არ აქვთ, უფასო მომზადება შესთავაზეთ. ეს აქამდეც გაგიკეთებიათ? როგორ და რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?
ჩემი მშობლები მუდმივად მაძლევდნენ მოტივაციას, რომ ცხოვრებაში მეკეთებინა რაც შეიძლება მეტი სიკეთე და ცოდნის მხოლოდ სათავისოდ გამოყენება არ ვარგა, უნდა შეგეძლოს მისი სხვებისთვის გაზიარება. სამწუხაროდ, ხშირად მსმენია, რომ უსახსრობის გამო თავს იკავებენ და ვერ ემზადებიან კერძოდ, შესაბამისად გამიჩნდა სურვილი დავხმარებოდი და სრულიად უსასყიდლოდ გამეზიარებინა ჩემი ცოდნა მათთვის.
– სოციალურ ქსელში ალბათ რთული იქნება იმის დადგენა, ვის უჭირს ნამდვილად და ვის სჭირდება დახმარება. ამას როგორ გააკონტროლებთ?
– შესაძლოა რთულად ჩანს, თუმცა მხოლოდ ის ადამიანები მეხმიანებიან, რომელთაც ნამდვილად უჭირთ და სჭირდებათ ჩემი დახმარება. არის შემთხვევები, როდესაც მეგობრებისგან და ნაცნობებისგან ვგებულობ მათ შესახებ.
მერი ბლიაძე