"ძალიან მაგარი გოგოა. ის არის გარანტი იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში და ოჯახში ყველაფერი მშვიდად და წყნარადაა..." - ზურა მანჯავიძე მეუღლესა და 4 შვილზე
მის ცხოვრებაში ბევრი სირთულე და დაბრკოლება ყოფილა, წარმატების სიხარულიც ახსოვს და მარცხით გამოწვეული უსიამოვნებაც, მაგრამ ქართული სიმღერა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მისი ერთგული თანამგზავრი იყო. მომღერალი, ანსამბლ "ფორტეს" წევრი ზურაბ მანჯავიძე ამბობს: "როდესაც მეკითხებიან, რას ნიშნავს ჩემთვის ქართული სიმღერა, ზუსტი პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს: ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს არის კავშირი ჩემს წინაპრებთან, რომლებმაც ჩვენამდე დიდი შრომითა და ღვაწლით მოიტანეს ქართული ხელოვნება, ქართული კულტურა. ქართული მუსიკა არის ის, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია..."
- სიმღერა როდის დაიწყეთ?
- სიმღერა ჩემს ცხოვრებაში ღრმა ბავშვობიდან გაჩნდა. მეუბნებიან, რომ ძალიან წკრიალა, კარგი ხმა მქონდა. ცუდია, რომ ჩანაწერები არა მაქვს, რადგან მაშინ ტექნიკა ამ დონეზე არ იყო განვითარებული და გადაღების საშუალებაც არ ჰქონდათ. მოფერებით რობერტინოს მეძახდნენ, რადგან ძალიან მაღალი და გამორჩეული ხმა მქონდა. როგორც ხდება ხოლმე, მშობლებმა მუსიკა შემაყვარეს და სწორედ მათ შეასრულეს განსაკუთრებული როლი, რომ ქართული სიმღერა შემყვარებოდა. დედაჩემი აზა ჩიკვაიძე ძალიან მუსიკალური ადამიანია. ბავშვობიდან მახსოვს, რომ მღეროდა, ცეკვავდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა. მამა, გიგა მანჯავიძე ცნობილი მევენახე და მეღვინე იყო, ისიც მშვენივრად მღეროდა. თბილისში მისი სახელობის ქუჩაც არის, რაც ძალიან მახარებს. შეიძლება ითქვას, სიმღერის სიყვარული ჩემს ოჯახს გენეტიკურად მოსდგამს: ჩემი ბებია-ბაბუებიც შესანიშნავად მღეროდნენ და გიტარაზეც უკრავდნენ. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი დიდი ბაბუა დიაკვანი იყო და ლამაზად გალობდა. ერთი სიტყვით, ოდითგანვე მუსიკალური ოჯახი გვქონდა და მადლობა ჩემს წინაპრებს, რომ მათი ნიჭი მეც გამომყვა.
- თავიდანვე ფიქრობდით, რომ ამ გზას აირჩევდით?
- მე კი მინდოდა მუსიკოსობა, მაგრამ სანათესავოს და ოჯახის რჩევით, გადავწყვიტე, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ამიტომ, ბოლო კლასებში ღამის სკოლაში გადავედი და რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მოვეწყვე. მაშინ სამედიცინოზე ვერ ჩააბარებდი, თუ სტაჟი არ გქონდა და მეც ორი წელი ვასრულებდი სანიტრის მოვალეობას. სამუშაო სტაჟსაც ვაგროვებდი და პარალელურად, ღამის სკოლაში ვსწავლობდი. როგორც ჩანს, ექიმობა ჩემი ბედი არ იყო: მისაღებ გამოცდებზე კიდევ ერთი საგანი დაამატეს და ვეღარ ჩავაბარე. ბოლოს, მაინც ისე მოხდა, რომ ხელოვნების მიმართულებით წავედი - საესტრადო-თეატრალურ სასწავლებელში ჩავაბარე. მისი დამთავრების შემდეგ ცნობილი მომღერალი, ოთარ რამიშვილი გავიცანი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. მან ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა: ჯერ მისი მოსწავლე გავხდი, მერე კი ბატონმა ოთარმა გამიწია რეკომენდაცია და ანსამბლ "თაიგულში" მიმიღეს, სადაც გიტარის აკომპანიმენტს ვასრულებდი. ცოტა ხანში ბავშვობა გავიხსენე და ისევ ავმღერდი, ასე აღმოვჩნდი ანსამბლ "ფორტეში". კვარტეტის წევრები ისევ ერთად ვართ, ერთად ვმღერით და ერთად მოვდივართ უკვე 30 წელიწადზე მეტია.
- როგორც ვიცი, მუსიკასთან ერთად, შრომასაც არ თაკილობთ. რას მატებს ადამიანს, როცა ის ცხოვრებისეულ სირთულეებსა და დაბრკოლებებს ებრძვის?
- მთელი ჩვენი ცხოვრება შრომა, ბრძოლა და ნებისყოფის გამოვლენაა. იშვიათია ადამიანი, რომელმაც მდიდრული მემკვიდრეობა მიიღო და მთელი ცხოვრება არხეინად გაატარა. მართალია, ასეთი ხალხიც არსებობს, მაგრამ ბევრს მშობლებისგან დატოვებული ქონება ერთიანად გაუნიავებია. ამიტომ, ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ადამიანი დაუზარელი და შრომისმოყვარეა. ეს დიდი ნიჭია, რომელიც ყველას არა აქვს.
- ვინ არის მთავარი დასაყრდენი და მხარდამჭერი თქვენს ცხოვრებაში?
- ჩემი მეუღლე - თეა ჩხარტიშვილი, რომელიც ძალიან მაგარი გოგოა. ის არის გარანტი იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში და ოჯახში ყველაფერი მშვიდად და წყნარადაა. ყოველთვის იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, თეას წყალობით სახლში ყველაფერი რიგზე იქნება. ის ზრუნავს ჩემს შვილებზე, ოჯახზე და ამ მხრივ, სანერვიულო არაფერი მაქვს. შეძლებისდაგვარად, მეც ვცდილობ, საოჯახო საქმიანობაში ჩავერთო და დავეხმარო, მაგრამ დროის დეფიციტის გამო, ვერ ვახერხებ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ინტერვიუ სრულად