“ქუჩაში მიმავალს მანქანა დამეჯახა, რადგან ყურში არ მესმოდა”- როგორ გახდა ბავშვთა სახლში გაზრდილი მარინე ფუტკარაძე მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი?
პარამკლავჭიდელი მარინე ფუტკარაძე საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნდა.
მისი საცხოვრებელი ბინის ერთი კუთხე სავსეა მედლებითა და სიგელებით. მარინე 18-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, 17-ჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამჯერად მოლდავეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ჩასული და +70 კგ წონით კატეგორიაში იასპარაზე. მისი წყალობით საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ გაჟღერდა. გოგონა ამაყად იდგა კვარცხლბეკზე, სადაც ყველაზე მაღლა საქართველოს დროშა ფრიალებდა.
მარინე ფუტკარაძე:
– პარაოლიმპიელები ძალიან კარგი შედეგებით დავბრუნდით საქართველოში. კიდევ ერთხელ მოვიპოვე ოქროს მედალი. ბედნიერი ვარ. არადა, ამ სპორტით სრულიად შემთხვევით დავინტერესდი. როგორც ჩანს, ძალიან პატარა მიმიყვანეს მახინჯაურის ბავშვთა სახლში და იქ დამტოვეს, ამიტომ მშობლები არ მახსოვს. ძალიან კარგ პირობებში ვიზრდებოდი. როცა წამოვიზარდე, მახინჯაურიდან ბათუმის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. 12 წლის განმავლობაში ჩემთვის არავის მოუკითხავს. სმენა დაქვეითებული მქონდა. ერთხელ ქუჩაში მიმავალს მანქანა დამეჯახა, რადგან ყურში არ მესმოდა. მაშინ გადავრჩი. ბავშვთა სახლის პედაგოგმა, ჩემმა აღმზრდელმა გიული თავბერიძემ აღმოაჩინა, რომ სმენის პრობლემა მქონდა. სმენადაქვეითებულის დიაგნოზი დამისვეს და აპარატიც მაჩუქეს. ახლაც მახსოვს ის რეაქცია, რაც მაშინ მქონდა. მანამდე არაფერი მესმოდა, აპარატს რომ ვიკეთებდი, უკვე რაღაც ხმები “მოდიოდა”. ამით შანსი მომეცა, ლაპარაკი მესწავლა. ჩვენი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე მართლა ყველაფერს აკეთებდა, ბავშვებს კარგი განათლება რომ მიგვეღო. ჩვენ გვერდით ბევრი კეთილი ადამიანი იყო და მადლიერი ვარ მათი. მანამდე ლაპარაკიც კი არ ვიცოდი, შემდეგ დავიწყე გაკვეთილებზე სიარულია. მართლა ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა როგორც ბავშვთა სახლში, ასევე საჯარო სკოლაში: ბათუმის მე-20 სკოლა დავამთავრე.