ეს სიმპტომები არ გამოგეპაროთ! ნიშნები, რომლითაც ყირიმ-კონგოს დაავადება ვლინდება
გაზაფხულსა და ზაფხულში ბუნებაში აქტივობასთან ერთად ტკიპებისგან გადატანილი დაავადებების რისკიც იმატებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებაა (CCHF) — ვირუსი, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია (10-40%) და მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია.
🧬 გავრცელება და მოკლე ისტორია
დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში აღწერეს, ხოლო 1969 წელს დადგინდა, რომ იგივე პათოგენი იწვევდა 1956 წელს კონგოში იდენტიფიცირებულ დაავადებას. სწორედ ამიტომ ეწოდა მას ეს სახელი. ვირუსი ენდემურია აფრიკაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
ინფექციის ძირითადი გადამტანები ტკიპები არიან. თუმცა, დაავადება ასევე გადადის დაინფიცირებული ცხოველის დაკვლისას ან დაკვლისთანავე მის სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტით.
⚠️ პირველი სიმპტომები
ექიმი ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი გვამცნობს, თუ რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
„პირველი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე და კუნთების ტკივილი. რამდენიმე დღეში კი ამას ერთვის ძლიერი სისხლდენა სხეულის სხვადასხვა ღრუდან. მათთვის, ვინც მაღალი რისკის რეგიონში ცხოვრობს, დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ აუცილებელია.“
🛡️ 4 ნაბიჯი თავდაცვისთვის
მოერიდეთ ტკიპის კბენას: ბუნებაში ჩაიცვით ღია ფერის, გრძელმკლავიანი ტანსაცმელი, შარვალი კი წინდებში ჩაიტანეთ.
გამოიყენეთ დამცავი საშუალებები: კანზე წაისვით ტკიპის საწინააღმდეგო სპრეი (DEET ან იკარიდინი), სპეციალური აეროზოლები გამოიყენეთ ტანსაცმელზეც.
დაიცავით შინაური ცხოველები: რეგულარულად ჩაუტარეთ მათ ანტიპარაზიტული მკურნალობა და სახლში არ შემოიყვანოთ გარედან დაუმუშავებელი ცხოველი.
შემოწმება ბუნებიდან დაბრუნებისას: კარგად დაათვალიერეთ სხეული (მუხლები, იღლიები, ყურები, თმა), მიიღეთ შხაპი და ტანსაცმელი მაღალ ტემპერატურაზე გარეცხეთ.



