ცნობილი თურქი მსახიობის გარდაცვალების საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რას წერს თურქული მედია
თურქული კინოსა და სერიალების მოყვარულებისთვის ახალგაზრდა მსახიობის, ეჯე ირთემის გარდაცვალება ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ამბავი აღმოჩნდა.
მსახიობი დაბადების დღის აღნიშვნიდან მეორე დღეს საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა და დედის ხელში გარდაიცვალა.
ტრაგედიის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთი ვერსია გავრცელდა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო, მოგვიანებით კი ზოგიერთი გამოცემა მსახიობის გარდაცვალებას აკრძალული ნივთიერებების შესაძლო მოხმარებასაც უკავშირებდა.
თუმცა, თურქული მედიის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალურმა დასკვნამ ყველა ეს ვერსია უარყო.
ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ეჯე ირთემის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ალკოჰოლური მოწამვლა გახდა.
გამოცემების ცნობით, სპეციალისტებმა შესაბამისი ანალიზებისა და ექსპერტიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ მსახიობის სიკვდილი სწორედ მძიმე ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, ეჯე ირთემის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარ სახლში, დაბადების დღის აღნიშვნიდან მეორე დღეს, მოულოდნელად გაუარესდა. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.



