დედას, შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდესო – არ იცის, შვილი ცოცხალი რომ აღარ ჰყავს”– ტრაგედიის ახალი დეტალები

24-10-2024
312
Aa

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში დღეს მომხდარ ტრაგედიას მე–5 კლასელი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ნი­კო­ლოზ სა­ლი­აა.


მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა, ქუჩაში ფეხით სახლისკენ მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.


შეჯახება სამწუხაროდ, იმდენად ძლიერი იყო, რომ მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ასევე დაშავდა ნიკოლოზის დედა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას მოტეხილობები აქვს.


ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ავა­რი­ის მი­ზე­ზად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე სა­ხელ­დე­ბა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვად მძღოლ­მა, გია ჭკა­დუ­ამ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, ისიც ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. 


“სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას, რაც ახლა სოფელში ტრიალებს. საშინელი ტრაგედია მოხდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. გარდაცვლილი მოზარდი მესამე კლასელია, ნიკოლოზ სალია. დღეს ბავშვი ჩვეულებრივ სკოლაში იყო, ნიკოლოზი ჯვარის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც შევიტყვე, ბავშვს ხელი ჰქონია მოტეხილი და ამიტომ რამდენიმე დღე გააცდინა, გუშინ გამოსულა სკოლაში.


ტრანსპორტი ემსახურებათ, მაგრამ დღეს დედას წაუყვანია და შინ დაბრუნებისას, ეს ტრაგედია მოხდა. საშინელი ამბავი, როცა სანუგეშოს ვერაფერს ამბობ. ძალიან განადგურებულები ვართ. ჯვარიდან არის ნიკოლოზი, ოჭანეს უბანში ცხოვრობს, ვინც დაეჯახა ის ბიჭიც მეზობელია, იმავე უბანში მაცხოვრებელი გია ჭკადუა. ბავშვი ადგილზე იყო გარდაცვლილი, დედას აქვს მოტეხილობა და გადაყვანილია კლინიკაში. მან ჯერ კიდევ არ იცის შვილი ცოცხალი რომ არ არის.


ძალიან მძიმე ამბავია. ვერ ვლაპარაკობ ისე განვიცდი.


კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, დედა-შვილს სახლამდე 30 მეტრი ჰქონდა დარჩენილი.


“სიტყვები უძლურია ამ დროს. რამხელა ტრაგედიაზე ვსაუბრობთ. ბავშვი ადგილზეა გარდაცვლილი. დედა გადაყვანილია კლინიკაში, როგორც მითხრეს, ფეხი აქვს დამსხვრეული და მას სასიკვდილო არაფერი სჭირს. თუმცა ამხელა უბედურება დატრიალდა სოფელში.


ამხელა ტრაგედია დაატყდა თავს ოჯახს და მთელ რაიონს. დედა-შვილი ფეხით მოსიარულეთა გზაზე მოდიოდა და ამ დროს დაეჯახა. ამბობენ, მძღოლი ძალიან ჩქარა მოდიოდა. გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზად.


გაგვანადგურა ამ ამბავმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლი გარდაიცვალა მიყენებული თვითდაზიანების შედეგად, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ის კლინიკაში რჩება. ამბობენ, რომ მძიმე დაზიანება აქვს”,- ამბობს ადგილობრივი “კვირის პალიტრასთან”.

FACEBOOK კომენტარები