„მეუღლემ კარიერა გვერდზე გადადო და თავისი თავი მე მომიძღვნა...რამდენიმე კვირის წინ მივიღე ნეკნის დაზიანება“ - ეთერ ლიპარტელიანი
აზერბაიჯანში, ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანი სტუმრად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და ოჯახზე ისაუბრა:
„მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან კარგად ვემზადებოდი, მობილიზებული ვიყავი ყველანაირად. მინდოდა გავმხდარიყავი ჩემპიონი, ვცდილობდი ტიტული შემენარჩუნებინა. თუმცა იყო რაღაც ფაქტორები, ტრავმა, რომელმაც ხელი შემიშალა.
რამდენიმე კვირის წინ მივიღე ნეკნის დაზიანება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემ მზადებაზე. მადლობა ღმერთს მყავს საუკეთესო ფსიქოლოგი ანა არველაძე, რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია.ფინალში ძალიან ამტკივდა უკვე ნეკნი და ცოტა დამაკლდა ჩემპიონობამდე. უკეთესად ვარ ახლა, თუმცა ვიცი რომ შემდეგ ჩემპიონატზე აუცილებლად მოვიგებ.
ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. 8 წლის ასაკში დავიწყე ძიუდოზე სიარული. ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი. მინდა ჩემი მწვრთნელები მოვიკითხო მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ყველაფერს აკეთებენ ჩემი წარმატებისთვის.
მეუღლე ძალიან დიდი გულშემატკივარი არის, კარიერა გვერდზე გადადო და თავისი თავი მე მომიძღვნა. ყველანაირად გვერდში მიდგას. გვჭირდება დიდი დისციპლინა და ამიტომ ცდილობს ყველაფერში დამეხმაროს“, - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.



