მეგობარს ბინა ვანდე, მთხოვა, ერთი კვირით ჩამიდე ბანკშიო და მორჩა, დავკარგე ყველაფერი... - ზურაბ ცინცქილაძე
მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ჟურნალ „თბილისელების“ რუბრიკაში – „ფულთან ურთიერთობა“ ფულის შესახებ საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
შეკითხვაზე – არის თუ არა ფულში ცდუნება, საპასუხოდ მსახიობი საკუთარი ცხოვრებიდან, ფულთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს:
„არა, ბევრი ფული რომ მქონოდა, ჩემი შვილიშვილი ფეხბურთზე დადის, წავიყვანდი ნაკრების თამაშზე და უფრო გავლაღდებოდით. თუმცა, როცა ფული გაქვს, შეიძლება, ბევრს ინდომებ და ამ დროს რისკიცაა, ამიტომ თუ გაქვს, ჭკვიანურად უნდა გამოიყენო.
მე მაგალითად, სიკეთის გამო შემემთხვა ძალიან ცუდი რამ. მეგობარს ბინა ვანდე, მთხოვამ, ერთი კვირით ჩამიდე ბანკშიო და მორჩა, დავკარგე ყველაფერი. ფული კი არა, სახლი გავეცი, ფულის გაცემა რა ბედენაა.
თუმცა ფულიც ბევრჯერ გამიცია. რამდენს აქვს ჩემი ვალი, დარჩათ და დარჩათ. რომ გავიხსენო, ნერვები უნდა მომეშალოს და რატომ ავიშალო ნერვები?! ღმერთმა შეარგოთ-მეთქი, ამის თქმამდე ჯერ ვერ მივედი…
ვისაც ჩემი ვალი აქვს, ლოცვებში ვიხსენიებ ხოლმე“, – აღნიშნავს ზურაბ ცინცქილაძე.