ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ტყეში აფრენიდან მალევე, ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ ქვეყნის პოლიცია ავრცელებს.
“შვეულმფრენი დედაქალაქიდან 57 კმ-ში მდებარე ჰიმალაის ტყეში, კერძოდ – ნუვაკოტის რაიონში, შივაპურის ეროვნულ პარკში ჩამოვარდა“, – განაცხადა ოლქის უფროსის მოადგილემ კრიშნა პრასად ჰუმაგენმა.
პოლიციის სპიკერმა დენ ბაჰადურ კარკიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოთხივე მგზავრი ჩინეთის მოქალაქეა, სამი მამაკაცი და ერთი ქალი, ხოლო პილოტი ნეპალელი მამაკაცი იყო.
მისი თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყეში გაჩენილი ხანძარიდაინახა და დახმარება გამოიძახეს.
ნეპალის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვერტმფრენმა, რომელიც კატმანდუდან რასუვას რაიონში მიემგზავრებოდა, აფრენიდან სამ წუთში დაკარგა კავშირი და კონტროლი.
ბოლო 24 წლის განმავლობაში ნეპალში თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 360-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.